„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერსა და მასთან კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა.
როგორც ნეაპოლური გუნდის წარმომადგენელმა განაცხადა, კვარას მიმართ ინტერესს 2019 წელსაც იჩენდნენ, როდესაც გუნდის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იყო:
„მასზე კარლო ანჩელოტის დროსაც ვსაუბრობდით. პირველად „რუბინმა“ 30 მილიონი ევრო მოითხოვა, რამაც გაგვყინა და უკან დავიხიეთ. უკრაინაში ომი რომ დაიწყო, მისი ფასი შეიცვალა და „დინამო ბათუმში“ ხვიჩას გადასვლით ნაბიჯი წინ გადავდგით. ახალი კონტრაქტი? კვარას აგენტებთან კონსოლიდირებული ურთიერთობა გვაქვს და ვისაუბრებთ. ჩვენს შორის პატივისცემაა და წინ კიდევ ოთხწელიწადნახევარია. რა თქმა უნდა, მოედანზე ნაჩვენები თამაშის მიმართ უგრძნობი არავინაა“, - თქვა ჯუნტოლიმ.
შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია 10 მილიონ ევროდ დაიმატა და კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. სეზონის პირველ ნაწილში ქართველმა ფეხბურთელმა ნამდვილი ფურორი მოახდინა და იტალიური კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.