იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯანმარკო პოცეკომ საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ (84:85) კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი კალათბურთელები გმირები არიან, რომლებიც არასდროს ნებდებიან და ყოველთვის თავიანთი შესაძლებლობების ზღვარზე მეტს აკეთებენ.
პოცეკომ საქართველოს ნაკრებიც შეაქო და აღნიშნა, რომ მსგავს მძიმე თამაშს ელოდება:
„მინდა, საქართველოს ნაკრებს მივულოცო, რადგან ძალიან მძიმე თამაში იყო. რამდენიმე დღის წინ რთული მატჩის შემდეგ მგზავრობა მოგვიწია, მაგრამ კარგად ვითამაშეთ. ორივე გუნდმა კარგი თამაში აჩვენა. ჩემი კალათბურთელები ნამდვილად მიყვარს. ისინი ყოველთვის თავიანთ შესაძლებლობებზე მეტს აკეთებენ, ეს უკვე გააკეთეს ესპანეთთან და მანამდე ევროპის ჩემპიონატზე. ემოციებს ქმნიან, არასდროს ნებდებიან, იბრძვიან და ბოლომდე თამაშობენ. მათ დაიმსახურეს გამარჯვება და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა. გამარჯვებაში დიდი დამსახურება აქვს ჩემს სამწვრთნელო შტაბს, რომელმაც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას წინააღმდეგ საუკეთესო დაცვა მოამზადა. ჩემმა მოთამაშეებმა ხასიათი გამოავლინეს, გმირები არიან, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდნენ და ახლა აზიაში შევხვდებით.
ამ გამარჯვებას ჩვენს პრეზიდენტ ჯანი პეტრუჩის ვუძღვნი, რადგან ის ამას ყველაზე მეტად იმსახურებს. დიახ, ასეთ რთულ მატჩს ველოდი, რადგან საქართველო კარგად მომზადებული გუნდია, ზუროსი კარგი მწვრთნელია, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო და მატჩის წინ ვნერვიულობდით. მოხსნებს ვაკონტროლებდით და ფარქვეშ იმაზე კარგად ვითამაშეთ, ვიდრე ველოდი. გარდა ამისა, თავდაჯერებულად ვისროდით. როცა 5-ქულიანი ჩამორჩენა გვქონდა, მეგონა, რომ თამაში დამთავრდა, მაგრამ ჩემმა მოთამაშეებმა აჩვენეს, რომ მაინც შეიძლებოდა თამაში და მოიგეს.
ძალიან გამიმართლა, რადგან ბოლოს ორი ფორვარდით თამაში გადავწყვიტე და მოედანზე, რიჩი და სევერინი ერთად იყვნენ. საქართველოც ცვლიდა მონახაზს, მაგრამ ჩვენ რამდენიმე სამქულიანი ჩავაგდეთ და მწვრთნელს ტაქტიკის შეცვლა ამიტომ მოუწია.
უკრაინასთან ბოლომდე თუ დავიხარჯებით? რა თქმა უნდა. კალათბურთს პატივს ყოველთვის ვცემთ, დარჩენილ ორ თამაშს სატურნირო მოტივაციის არქონის მიუხედავად სრული სერიოზულობით ვითამაშებთ“, - თქვა პოცეკომ.
საქართველოს ნაკრებს 4 მოგება და 4 წაგება აქვს, ჯგუფში მესამე ადგილზეა და თებერვალში დარჩენილ ორივე მატჩს თუ მოიგებს, მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავა. თუმცა, ორი კონკურენტიც ჰყავს - ისლანდია, რომელსაც ასევე 4 მოგება და 4 წაგება აქვს და უკრაინა, რომლის აქტივში 3 გამარჯვება და 5 მარცხია. ილიას ზუროსის გუნდი მომდევნო ტურში ჯერ ნიდერლანდებს ესტუმრება, რომელიც ჯგუფის აუტსაიდერია და მერე კონკურენტ ისლანდიას უმასპინძლებს. თავის მხრივ, იტალიისა და ესპანეთის ნაკრებებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური უკვე მოიპოვეს.