კალათბურთი

1:56 | 12.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ისლანდია დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატისკენ ნაბიჯი გადადგა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგი მატჩი რეიკიავიკში, მთავარ კონკურენტ ისლანდიის ნაკრებთან ჩაატარა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, რითაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და ბოლო წამებამდე გამარჯვებულის ვინაობა გარკვეული არ იყო. საქართველომ თამაში კარგად დაიწყო და პირველი პერიოდი 26:17 მოიგო და უპირატესობა დიდ შესვენებამდეც შეინარჩუნა. თუმცა, მესამე მეოთხედი საქართველომ ჩააგდო, 10 ქულით ჩამორჩა და ბოლო პერიოდის წინ უკვე ისლანდია იგებდა სამი ქულის სხვაობით.

მიუხედავად ამისა, თამაშის გარდამტეხ მომენტში საქართველოს ნაკრებმა მობილიზება მოახერხა, შეტევაშიც და დაცვაშიც კარგად ითამაშა. ზუროსის გუნდი თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე 7 ქულას იგებდა და ეს უპირატესობა ერთადერთ ქულამდე შემცირდა, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა მაინც მოახერხეს საქმის გამარჯვებამდე მიყვანა - 88:85.

საქართველოს ნაკრებში ბრწყინვალე თამაში ჰქონდა თორნიკე შენგელიას, რომელმაც 27 ქულა, 11 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. 13 ქულა ჩააგდო დუდა სანაძემ, 12 ქულა დააგროვა თად მაკფადენმა, ხოლო 10 ქულით და 11 მოხსნით გამოირჩა გიორგი შერმადინი. მნიშვნელოვანი იყო მიხეილ ბერიშვილის ქულებიც, რომელმაც ზედიზედ 3 სამქულიანი გარდამტეხ მომენტებში ჩააგდო და გუნდი თამაშში დატოვა.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 4 მოგება და 3 წაგება აქვს, რითაც ისლანდიას გაუთანაბრდა, წინ კიდევ 3 ტურია, მაგრამ ამ გამარჯვებით მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა. ილიას ზუროსის გუნდი უახლოეს შეხვედრას 14 ნოემბერს, თბილისში, იტალიის ნაკრებთან გამართავს.

ისლანდია - საქართველო 85:88 (17:26, 21:19, 25:15, 22:28)

სტატისტიკა ვრცლად...

0.115587