ფეხბურთი

17:59 | 11.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

აუტსაიდერების დღე ეროვნულ ლიგაში

საქართველოს ეროვნული ლიგის 34-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს ორი მატჩი გაიმართა და ორივეში გადარჩენისთვის მებრძოლმა გუნდებმა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს.

ბოლნისის „სიონმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭელიძის ხელმძღვანელობით 3 ქულა მოიპოვა. მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 77-ე წუთზე ლუკა ჩაგანავამ გაიტანა და ბოლნისელებმა უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგეს. „სიონმა“ ამ გამარჯვებით 33 ქულა დააგროვა და ისევ მეცხრე ადგილზეა, მაგრამ პლეი-აუტის დატოვების შანსი შეინარჩუნა, ხოლო მომდევნო ტურში ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება. „საბურთალო“ 44 ქულით მეექვსე პოზიციაზეა და ვეღარც ევროსაგზურისთვის იბრძვის და არც გავარდნა ემუქრება. თბილისელთა მომდევნო მეტოქე „ლოკომოტივი“ იქნება.

ქუთაისის „ტორპედომ“ „გაგრას“ უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად დამარცხდა. მეორე ტაიმის შუაწელს თეიმურაზ შონიას ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა ამ თამაშის ბედი. „გაგრამ“ ზედიზედ მეორედ მოიგო, 36 ქულა დააგროვა და დიდხნიანი პაუზის მერე პლეი-აუტის ზონა დატოვა, რადგან „თელავს“ გადაასწრო. გაგა კირკიტაძის გუნდი მომდევნო ტურში „დინამო ბათუმს“ შეხვდება. „ტორპედო“ 50 ქულით მეხუთე ადგილზე დარჩა და წინ „სიონთან“ თამაში აქვს.

„სიონი“ – „საბურთალო“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ჩაგანავა (77)

„ტორპედო“ – „გაგრა“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 შონია (65)

0.107987