„ფერარის“ შარლ ლეკლერი ამბობს, რომ ის უფრო მომავალ სეზონზეა ფოკუსირებული, ვიდრე მიმდინარე ჩემპიონატში, სერხიო პერესთან მეორე ადგილისთვის ბრძოლაზე. ბრაზილიის დიდი პრიზის წინ, ლეკლერი პერესს ხუთი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა.
„ჩემი გონება ახლა უკვე მომავალ სეზონზეა ფოკუსირებული. რა თქმა უნდა ვეცდებით, რომ ბოლო ორ რბოლაში, საუკეთესო შესაძლებელ შედეგს მივაღწიოთ. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ახლა ისაა, რომ ამ ორ რბოლაში, ახალი მანქანის მოსამზადებლად საჭირო მონაცემები დავაგროვოთ. თუმცა ყველაფერს ვიღონებთ, რომ მრბოლთა ჩემპიონატი მეორეზე დავასრულოთ“, - ამბობს მონაკოელი.
გასულ 20 ეტაპზე ლეკლერმა ცხრა პოულ პოზიცია მოიპოვა, მაგრამ მხოლოდ სამი რბოლა მოიგო. შედეგად, მაქს ფერსტაპენმა პრაქტიკულად უკონკურენციოდ ჩაატარა მთელი სეზონი და მეორე ტიტული ვადამდე გაინაღდა.
პერესს მხოლოდ ორი მოგება აქვს, მაგრამ მაინც მეტი ქულა დააგროვა და ამბობს, რომ მისთვის პრიორიტეტული, ჩემპიონატის მეორე ადგილზე დასრულებაა.
„ჩვენ კონსტრუქტორებშიც გავიმარჯვეთ, მაგრამ ეს გუნდური მიღწევაა. ჩემთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია მრბოლთა ჩემპიონატის დუბლით დასრულება. ბოლო ორ რბოლაში მოსაგებად გავალ და ამისთვის ყველა პირობა მაქვს“, - ამბობს მექსიკელი.
„ფერარის“ კონსტრუქტორთა ჩემპიონატში მეორე ადგილი უკავია და მესამეზე მყოფ „მერსედესს“ 40 ქულას უგებს.