ფეხბურთი

16:07 | 6.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისი" ისევ ლიდერია, ფრე იმერულ დერბიში

საქართველოს ეროვნულ ლიგაში „დინამო თბილისმა“ ლიდერობა დაიბრუნა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 33-ე ტურში თბილისის „ლოკომოტივს“ ესტუმრა და როგორც მოსალოდნელი იყო გათამაშების აუტსაიდერი დაამარცხა.

დინამოელებმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს - მატჩის დასაწყისსა და მიწურულს. ჯერ ანგარიში ანზორ მექვაბიშვილმა გახსნა მე-6 წუთზე, ხოლო მე-80 წუთზე ლაშა ოდიშარიამ სხვაობა გააორმაგა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „დინამო თბილისმა“ 75 ქულა დააგროვა და „დინამო ბათუმს“ სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 2 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში დედაქალაქელები „თელავს“ შეხვდებიან.

პარალელურად, წყალტუბოში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტები, „სამგურალი“ და „ტორპედო“ შეხვდნენ. იმერულ დერბის გამარჯვებული არ ჰყოლია - 2:2.

კახა ჩხეტიანის გუნდი მე-17 წუთზე ლაშა შერგელაშვილმა ულამაზესი საჯარიმო დარტყმით დააწინაურა, თუმცა ტაიმის ბოლო წუთზე მასპინძლებმა გიორგი ნიქაბაძის გოლით გაათანაბრეს. ნიქაბაძე „სამგურალში“ საუკეთესო იყო და 59-ე წუთზე თავისი გუნდი წინაც გაიყვანა. გიორგი მიქაძის გუნდი ახლოს იყო მოგებასთან, თუმცა 86-ე წუთზე სტუმრებმა მათე ცინცაძის პენალტით გაათანაბრეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე „სამგურალს“ მოგება შეეძლო, მაგრამ „ტორპედო“ როინ კვასხვაძემ და ხარიხამ ერთობლივად გადაარჩინეს.

სამგურალი“ 53 ქულით მესამე ადგილზეა და „ტორპედოს“ ისევ 3 ქულით უსწრებს. წყალტუბოელებს მომდევნო ტურში „დინამო ბათუმთან“ თამაში ელოდებათ, ხოლო ქუთაისელებს - „გაგრასთან“. 33-ე ტურში გორის "დილამ" "საბურთალო" 2:0 დაამარცხა, რის შედეგადაც 52 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში "ტორპედოს" გადაასწრო, ხოლო "სამგურალს" უკვე მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

„სამგურალი“ – „ტორპედო“ 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 შერგელაშვილი (17), 1:1 ნიქაბაძე (45), 2:1 ნიქაბაძე (59), 2:2 ცინცაძე (86, პენ)

„ლოკომოტივი“ – „დინამო თბილისი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 მექვაბიშვილი (6), 0:2 ოდიშარია (80)

0.111983