ჩოგბურთი

23:56 | 5.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ციციპასს მოუგო და პარიზის მასტერსის ფინალში რუნეს შეხვდება

პარიზის მასტერსის მოქმედმა ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბერძენ სტეფანოს ციციპასს 6-2, 3-6, 7-6(4) მოუგო და ფინლში გავიდა, სადაც მისი მეტოქე, დანიელი ჰოლგერ რუნე იქნება, ვინც კარიერაში პირველად გავიდა მასტერსის სერიის ტურნირის ფინალში. რუნემ ფინალის საგზურისთვის კანადელი ფელიქს აუგერ-ალიასიმე დაამარცხა.

ჯოკოვიჩმა ციციპასი ზედიზედ მერვედ დაამარცხა და ამჯერად ამისთვის ორ საათზე მეტი დასჭირდა. ეს მისი ზედიზედ მე-13 გამარჯვებაა, ფინალში კი პარიზული მასტერსის მეშვიდე ტიტულისთვის იბრძოლებს.

სერბმა თამაში შესანიშნავად დაიწყო და პირველი სეტი თითქმის უშეცდომოდ დაასრულა. სეტის მოსაგებად მან 31 წუთი იმყოფინა. თუმცა მეორეში ციციპასმა თამაშის შემობრუნება შეძლო და მეტოქეს ამ ტურნირზე სეტი პირველად წააგებინა.

მესამეში ჯოკოვიჩი თავის მოწოდებაზე უშეცდომოდ თამაშობდა. სეტი ტაიბრეიკზე გადავიდა, სადაც ციციპასმა თავიდან მინი ბრეიკს მიაღწია. მაგრამ შემდეგ ჯოკოვიჩმა ზედიზედ ოთხი ქულა მოიპოვა და შეხვედრაც გამარჯვებით დაასრულა.

„ასეთი თამაშების მოგება განსაკუთრებით სასიამოვნოა. მითუმეტეს, როდესაც შენს პირისპირ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი დგას. ორივეს ბოლო წუთამდე მოგვიწია ბრძოლამ. ძალიან მიხარია, რომ ამ თამაშის მოგება შევძელი“, - ამბობს ჯოკოვიჩი, ვინც 11 ეისი მოაწოდა და თავის პირველ მოწოდებაზე, ქულების 84 პროცენტი მოიგო.

18 წლის რუნემ აუგერ-ალიასიმეს 16-თამაშიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. მან მეტოქე 6-4, 6-2 დაამარცხა. ორივე ზედიზედ მეოთხე ფინალში გასასვლელად იბრძოდა. საბოლოოდ, რუნე უფრო სტაბილური და ზუსტი გამოდგა. დანიელმა თინეიჯერმა, შეხვედრის 88 წუთის განმავლობაში, თავის პირველ მოწოდებაზე, ქულების 86 პროცენტი მოიგო.

0.114606