სხვა

14:48 | 9.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური კომიტეტების რეგიონალური ფორუმი

10 ოქტომბერს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია სხვადასხვა ღონიძიებების გამართვა. 9 ოქტომბერს კი სასტუმრო “რედისონში” დსთ-ს, ბალტიის ქვეყნებისა და საქართველოს ეოკ-თა ხელმძღვანელების რეგიონალური ფორუმი მიმდინარეობს, რომელიც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გახსნა.

ფორუმის გახსნას დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდია და სპორტის დეპარმანეტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე. აკაკი ლოდიამ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

დსთ-ს და ბალტიის ქვეყნებს ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელი პირები წარმოადგენენ. 10 ოქტომბერი გაცილებით დატვირთულია, საქართველოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი ესტუმრება. სეოკ-ის მოწვევით საქართველოს დედაქალაქში ჩამოვა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი, ჩვენი ქვეყნის მეგობარი და ხშირი სტუმარი პატრიკ ჰიკი, ასევე 60-მდე სტუმარი.

თბილისს ესტუმრება 7 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, რომელთა შორის 3 ოლიმპიური ჩემპიონია – სერგეი ბუბკა (უკრაინა), ნიკოლაე ჟურავსკი (მოლდოვა), დიანა გუძინივიჩუტე (ლიტვა). ასევე ალექსანდრე ჟუკოვი (რუსეთი), ანჯეი კრასნიცკი (პოლონეთი), მარატ სარალინოვი (ყირგიზეთი), ნეინარ სელი (ესტონეთი) და სპიროს კაპრალოსი (საბერძნეთი).

დაგეგმილია სოკ-ისა და ეოკ-ის მაღალჩინოსანთა შეხვედრა ქვეყნის პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, სეოკ-ის ოფისში საზეიმოდ გაიხსნება მონუმენტურ-სკულპტურული ექსპოზიცია “ოდა ქართველ ოლიმპიელებს”, გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სეოკ-სა და რუსეთის, უკრაინის, ესტონეთის, ლიტვის, ყირგიზეთის, პოლონეთისა და საბერძნეთის ეოკ-ებთან.

მოგვიანებით საპატიო სტუმრები, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დაესწრებიან ბავშვთა ნახატების გამოფენას "ჩვენ მომავალი ოლიმპიელები ვართ", ხოლო კულმინაცია კი რუსთაველის თეატრში შედგება - სეოკ-ის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა წარმოდგენა. ბოლოს კი, დღე თომას ბახისა და პატრიკ ჰიკის საგანგებო პრესკონფერენციით შეჯამდება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.118902