საქართველოს თასის ფინალში თბილისის „ლოკომოტივის“ მეორე გუნდი ითამაშებს, რომელიც ლიგა 4-ის ბინადარია!
ცხადია, ეს დიდი სენსაციაა, მაგრამ თბილისური კლუბის დუბლშემადგენლობამ ნახევარფინალში „საბურთალო“ დაამარცხა. შეხვედრა 120 წუთის განმავლობაში გაგრძელდა და გოლი არ გასულა. შესაბამისად, ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც „ლოკო 2“-მა 7:6 მოიგო და წარმოუდგენელ შედეგს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმის დასაწყისიდან „საბურთალო“ რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდა, რადგან მოედნიდან გიორგი ჯგერენაია გააძევეს. თუმცა, რასაკვირველია, „საბურთალო“ წყვილში ფავორიტი იყო, მაგრამ ვერაფერი გააწყო.
ლაშა ჭაღიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა „ლოკომოტივი 2“-მა საქართველოს თასზე „ვარკეთილი“, „სამგურალი“, „თელავი“, „გურია“ და „საბურთალო“ დაამარცხა, ხოლო ფინალში 7 დეკემბერს, ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება. მატჩი ბათუმში გაიმართება.
„ლოკომოტივი 2“ – „საბურთალო“ 0:0 (0:0) პენ: 7:6