სხვა

23:38 | 1.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტაისონ ფიურიმ პოპულარული იუთუბერი გამოლანძღა

მედია მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონ ტაისონ ფიურის აკრიტიკებს იმის გამო, რომ მან ტიტულის დასაცავად, მეტოქედ შეარჩია მოკრივე, რომელიც უკვე ორჯერ ჰყავს დამარცხებული. კრიტიკამ ბრიტანელ მოკრივეს თავშეკავება დააკარგვინა და მან პოპულარული იუთუბერი, ბრაიან დევისი გალანძღა.

34 წლის ფიური WBC-ს ჩემპიონია და მან ბოლოს ტიტული ბრიტანელ დილიან უაითთან დაიცვა. ამის მერე გამოაცხადა, რომ კრივს ტოვებს. მაგრამ დაბრუნდა და „ძველი მეტოქე“, თანამემამულე ენტონი ჯოშუა გამოიწვია, ვისაც თავისი ტიტულები უკრაინელ ოლეკსანდრ უსიკთან აქვს დაკარგული. ამის მიუხედავად, კრივის სამყარო ორი ბრიტანელის ბრძოლას მოუთმენლად ელოდა. მაგრამ ამაოდ.

ფიურის მიზეზი არ გამოელია იმისთვის, რომ ჯოშუასთვის ზურგი ექცია და მეტოქედ 38 წლის ბრიტანელი დერეკ ჩისორა აერჩია, ვინც ორჯერ (2011 და 2014 წლებში) ჰყავს დამარცხებული. მან ამით ყველა გააოცა და გააწბილა. და კრიტიკაც ამას მოჰყვა.

ფიური ჩისორას 3 დეკემბერს, ლონდონის ტოტენჰემ ჰოტსპურის სტადიონზე შეხვდება, სადაც როგორც თავად ამბობს, ბრძოლის სანახავად, სულ ცოტა, 60 000 მაყურებელი მივა.

დევისმა ფიური გააკრიტიკა, რაზეც ჩემპიონმა ხისტად მიუგო: „სულერთია, რას ამბობთ დერეკ ჩისორაზე. ან თქვენ მსგავს ადამიანებს რისი თქმა სურთ. მან კრივში ბევრს მიაღწია. რასაც მან ბრძოლოთ მიაღწია, იმას თქვენ მსგავსი ათი კაცი ვერ შეძლებდა. ამიტომ ვერ მოგცემთ იმის უფლებას, რომ აკრიტიკოთ ის, ვისაც ამ დროის საუკეთესო მეტოქეებთან უბრძოლია მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე წაგება აქვს. ის იქაა, სადაც უნდა იყოს. მან ეს ბრძოლა დაიმსახურა და შანსს ვაძლევ“.

ფიური დასძენს: „თუ თქვენ არ გსურთ ამ ბრძოლის ცქერა, ნუ იზამთ ამას. თუ ნახვას აპირებთ, მაშინ განეწყვეთ. თუ ბილეთის ყიდვა არ გსურთ, ნუ იყიდით. როგორც ამბობე, უკვე 60 000 ბილეთია გაყიდული. ჰოდა, ესე იგი, ვიღაცას ამის ნახვა სურს. დევისმა დაძაბულობის განმუხტვა სცადა, მაგრამ საპირისპირო შედეგი მიიღო: „მე არ შემიძლია, მოგცე ჩისორას კრიტიკის უფლება, რადგან ალბათ ცხოვრებაში არასდროს გიჩხუბია. ის ყველას ებრძოდა, რასაც მე ვერ დავუშვებ“. ამის მერე ფიურიმ საერთოდ აიწყვიტა და იუთუბერი უშვერი სიტყვებით ლანძღა.

სხვათა შორის, გავრცელებული ინფორმაციით, ფიურის შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალეს. ეს მისმა ნახევარ ძმამ, ტომი ფიურიმ თქვა, ვისაც ასევე არ უშვებენ შტატებში. როგორც „MMA-ს საათის“ წამყვანი არიელ ჰელმანი ამბობს, ამის მიზეზი ისაა, რომ ფიური კრიმინალურ ავტორიტეტ დანიელ კინაჰანთან მეგობრობს. უმცროსი ფიური ამაზე ამბობს, რომ ამ საქმისა არაფერი იცის...

0.119641