ამერიკელმა მოცურავე კეიტი ლედეცკიმ ტორონტოს (კანადა) მოკლე აუზში, FINA-ს მსოფლიო თასზე ასპარეზობისას, 1 500 მეტრზე თავისუფალ სტილში, მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.
10-გზის ოლიმპიურმა მედალოსანმა ლედეცკიმ დისტანცია 15 წუთსა და 08.24 წამში გაცურა და წინა რეკორდს, რომელიც გერმანელ სარა ველბროკს ეკუთვნოდა, თითქმის 10 წამი მოაკლო. მან მეორეზე გასულ ბრაზილიელ ბეატრის დიზოტის 40 წამზე მეტით აჯობა.
„მოკლე აუზში ამ დისტანციაზე პირველად ვიასპარეზე და არც კი ვიცოდი, რისი მოლოდინი უნდა მქონოდა. სარამ რეკორდი ფანტასტიურად ასპარეზობის შედეგად დაამყარა და მიხარია, რომ ასე სწრაფად გაცურვა შევძელი“, - განაცხადა ლედეცკიმ, ვინც ამავე დისტანციაზე, ოღონდ გრძელ აუზში, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების მოქმედი ჩემპიონია.
25 წლის ამერიკელი მოცურავე ამბობს, რომ რეკორდზე არც უფიქრია, რადგან ეს ამ სეზონში მისი პირველი გამოსვლა იყო. ის ვარჯიშებისას მოკლე აუზში ცურვისთვის საჭირო ელემენტებს ამუშავებდა და იცოდა, რომ კარგი შედეგის მიღწევა შეეძლო, მაგრამ რეკორდის იმედი არ ჰქონდა.