ლუის სუარესი მონტევიდეოს „ნასიონალს“ დუბლით და ჩემპიონის ტიტულით დაემშვიდობა.
ურუგვაის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს აპერტურასა და კლაუსურას ტურნირის გამარჯვებულები, „ნასიონალი“ და „ლივერპული“ შეხვდნენ.
შეხვედრა „ნასიონალმა“ დამატებით დროში 4:1 მოიგო და ქვეყნის ჩემპიონი 49-ედ გახდა. ლუისმა კი მეტოქის კარი ჯერ ძირითად დროში დალაშქრა და ანგარიში გახსნა, მერე დამატებით დროში მეორედ დააწინაურა თავისი გუნდი (2:1). დარჩენილ დროში მანუელ ჟიგლიოტიმაც დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი მშობლიურ გუნდს სექტემბერში დაუბრუნდა და 16 მატჩში 8 გოლი გაიტანა. ახლა ვეტერანი ფორვარდი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოემზადება, იანვარში კი ევროპაში დაბრუნებას გეგმავს.