ფეხბურთი

22:56 | 29.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია მხოლოდ მილიტოსა და რონალდუს უკან...

ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში ბრწყინავს და სერია A-ში უკვე 11 საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა, რითაც საუკეთესოა - 6 გოლი და 5 საგოლე პასი.

„ნაპოლის“ ქართველი შემტევი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს უსწრებს, რომელსაც აქტივში 3 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს, შესაბამისად, 10 საგოლე შეტევაში მონაწილეობდა. თუმცა, გარდა ამისა, ხვიჩას იტალიის ჩემპიონატში ორი პენალტიც აქვს გამომუშავებული. აღსანიშნავია, რომ კვარაზე უკეთესი შედეგი სერია A-ს სადებიუტო სეზონში საწყისი 12 მატჩის შემდეგ მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჰქონია - დიეგო მილიტოს და კრიშტიანუ რონალდუს (2004 წლიდან).

უფრო კონკრეტულად კი, 2004-2005 წლების სეზონიდან, მას მერე, რაც სერია A 20-გუნდიანი გახდა, მხოლოდ დიეგო მილიტომ (15) და კრიშტიანუ რონალდუმ (13) მიიღეს უფრო მეტ საგოლე შეტევაში უშუალო მონაწილეობა სერია A-ში თავიანთ საწყის 12 მატჩში, ვიდრე ხვიჩა კვარაცხელიამ - 11 (6 გოლი, 5 საგოლე პასი).

შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ ზედიზედ მე-13 თამაში მოიგო, სეზონში ისევ დაუმარცხებელია (17 თამაში, 15 მოგება, 2 ფრე ყველა ტურნირზე) და სერია A-ს 32 ქულით ლიდერობს, მომდევნო ტურში კი 5 ნოემბერს, სტუმრად ბერგამოს „ატალანტას“ შეხვდება, მაგრამ მანამდე 1 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ენფილდ როუდზე“ „ლივერპულს“ ესტუმრება. კვარას მონაგარი უფრო მდიდარია თუ ჩემპიონთა ლიგის მატჩებსაც დავუმატებთ: 16 მატჩი, 8 გოლი, 8 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.

0.11624