ფეხბურთი

20:27 | 29.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "კვარაცხელია სრულყოფილია, ყველაფერი შეუძლია"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „სასუოლოსთან“ მატჩის (4:0) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია შეაქო და ისიც თქვა, რომ დაზიანება საგანგაშო არაა - ქართველი კარგადაა.

„კვარა კარგადაა. ფეხში დარტყმა მიიღო და ეს იგრძნო, მაგრამ თამაშის გაგრძელება სურდა. საბედნიეროდ, შეგვეძლო მაღალი დონის მოთამაშით შეგვეცვალა და ამიტომ შევცვალე, არ გვინდოდა გარისკვა. კვარაცხელია სრულყოფილია, ყველაფრის გაკეთება იცის, ძალიან კარგი ბიჭია. დღესაც მეტოქეებს ხშირად დაედევნა, რომ ბურთი დაებრუნებინა. ხანდახან თავდამსხმელები მნიშვნელობას არ ანიჭებენ ორთაბრძოლის მოგებას და პოზიციის მოპოვებას, რაც თანაგუნდელებს საშუალებას აძლევს ნაკლები სივრცის დაფარვა მოუწიოთ და ეს აადვილებს ბურთის კონტროლს. ხშირად მისი დამსახურებით ჩვენთვის ბურთის დაბრუნება უფრო მარტივი ხდება“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში 8 გოლი, 8 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი (სერია A-ში 12 მატჩი, 6 გოლი, 5 საგოლე პასი, 2 მოპოვებული პენალტი, ჩემპიონთა ლიგაზე 4 მატჩი, 2 გოლი, 3 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი.

„ნაპოლიმ“ ზედიზედ მე-13 თამაში მოიგო, სეზონში ისევ დაუმარცხებელია (17 თამაში, 15 მოგება, 2 ფრე ყველა ტურნირზე) და სერია A-ს 32 ქულით ლიდერობს, მომდევნო ტურში კი 5 ნოემბერს, სტუმრად ბერგამოს „ატალანტას“ შეხვდება, მაგრამ მანამდე 1 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ენფილდ როუდზე“ „ლივერპულს“ ესტუმრება.

0.10782