ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ ფერსტაპენის ეპოქაზე ლაპარაკი ნაადრევია. მის აზრს იზიარებს „ფერარის“ შარლ ლეკლერი, ვინც ამბობს, რომ ის და იტალიური გუნდი ყველაფერს იღონებენ იმისთვის, რომ „რედ ბულის“ და ფერსტაპენის ეპოქა არ დაუშვან.
„ამაზე ლაპარაკი მეტისმეტად ნაადრევია. შეიძლება მომავალ სეზონშიც ჩვენ მათ კონკურენცია ვერ გავუწიოთ, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ კვალიფიკაციაში ფერარი მათზე სწრაფია. სეზონის განმავლობაში, ფერარი კვალიფიკაციაში მათ სჯობს, ახლა კი საჭიროა, რომ სარბოლო ტემპიც გაზარდონ. ჩვენ გაცილებით მეტი მუშაობა მოგვიწევს, მაგრამ იმედია, ეს შეუძლებელი არ იქნება“, - ამბობს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, ვინც ფ1-ში დებიუტის შემდეგ, პირველ სეზონს ამთავრებს მოგების გარეშე.
ფერსტაპენს ამ სეზონში 13 რბოლა აქვს მოგებული, რითაც ერთ სეზონში მოგებების რიცხვით, მიხაელ შუმახერის და სებასტიან ფეტელის რეკორდი გაიმეორა. მექსიკის დიდ პრიზზე, რომელიც ამ უქმეებზე გაიმართება, ის ამ რეკორდის გაუმჯობესებას ეცდება.
ლეკლერი იმედოვნებს, რომ „ფერარი“ შეძლებს მომავალი სეზონისთვის ისეთი მანქანის მომზადებას, რაც მას ტიტულისთვის ბრძოლის შესაძლებლობას მისცემს.
„იქნება თუ არა ფერსტაპენის ეპოქა? იმედი მაქვს, არა. ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ ეს არ დავუშვა. მთელი გუნდი ამაზე ვმუშაობთ. ჩვენთვის სრულებით ნათელია, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ შედეგები გავაუმჯობესოთ. ერთ წრეზე ჩვენ ძლიერები ვართ და ვფუიქრობ, რედ ბულის დონეზე ვართ. რაც შეეხება რბოლებს, ჩვენ საბურავებთან დაკავშირებული პრობლემები გვაქვს“, - ამბობს ლეკლერი და დასძენს, რომ გუნდმა ბევრი ქულა შეცდომების გამო დაკარგა.