„აუდიმ“ გამოაცხადა, რომ შვეიცარიულ ჯგუფ „ზაუბერთან“ შეთანხმებით, 2026 წლიდან, ამ გუნდის ბაზაზე, საკუთარ საჯინიბოს ჩამოაყალიბებს, რომელიც „აუდისვე“ ძრავებით იასპარეზებს. გარიგების ფინანსურ მხარეზე არაფერი თქმულა.
„ზაუბერი“ ფორმულა 1-ში 1993 წლიდან. ამჟამად მის ბაზაზე „ალფა რომეო“ ასპარეზობს, რომელიც „ფერარის“ ძრავებს იყენებს.
„აუდიმ“, რომელიც „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის პრემიუმ ბრენდია, აგვისტოში გამოაცხადა, რომ ძრავების ახალი რეგლამენტის ამოქმედებისთანავე, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში ჩაერთვება. მისი ბაზა ბავარიაში, ქალაქ ნოიბურგში განლაგდება.
„ჩვენ ერთად, 2026 წლიდან ფორმულა 1-ში ახალი თავის დაწერას ვაპირებთ“, - განაცხადა „აუდი ფორმულა რეისინგის“ მთავარმა აღმასრულებელმა ადამ ბეიკერმა.
„ზაუბერ მოტორსპორტმა“ კი გამოაცხადა, რომ „აუდისთან“ პარტნიორობის დაწყებამდე, მისი გუნდი სამ სეზონში ისევ „ფერარის“ ძრავებით ისარგებლებს.
„აუდისგან“ განსხვავებით, ჯერაც არაა გადაწყვეტილი „პორშეს“ ფორმულა 1-ში დაბრუნების საქმე. „რედ ბულთან“ მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა. და თითქოს, „პორშემაც“ ფ1-სადმი ინტერესი დაკარგა. თუმცა FIA-ს პრეზიდენტმა ახლახანს განაცხადა, რომ გერმანული კომპანია სხვა ვარიანტებზე მუშაობს.
ძრავების ახალი რეგლამენტით, რომელიც 2026 წელს ამოქმედდება, ფ1-ის ძალურ დანადგარებში, ელექტრული ძალა გაიზრდება. გარდა ამისა, სპორტი 100 პროცენტით განახლებად საწვავზე გადავა.