ჩოგბურთი

0:06 | 27.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღიაზე თამაშს შეძლებს

წლის დასაწყისში, ავსტრალიიდან დეპორტაციის შემდეგ, ნოვაკ ჯოკოვიჩს ამ ქვეყანაში შესვლა სამი წლითაც აეკრძალა. მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მას მაინც ექნება ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლის შესაძლებლობა.

35 წლის ჯოკოვიჩი საზღვრიდან იმის გამო გააბრუნეს, რომ მან კოვიდ-19-ის ვაქცინაცია არ გაიარა და არც შესაბამისი ინფორმაცია გაასაჯაროვა. ახლა კი, რამდენიმე კვირის განმავლობაში ლაპარაკია იმაზე, რომ ვიზის გაცემაზე აკრძალვას მოუხსნიან. თავად სერბმა ჩოგბურთელმაც, სერბულ მედიასთან საუბრისას ამის იმედი გამოთქვა.

„რაც შეეხება ავსტრალიას, არის პოზიტიური ნიშნები. თუმცა ჯერ მხოლოდ არაოფიციალურად. ჩვენ ადვოკატების დახმარებით, ავსტრალიასთან კომუნკაცია გვაქვს. საქმე ჩემს საკითხს ეხება. იმედი მაქვს, უახლოეს კვირებში პასუხი მექნება. იმედი მაქვს, პასუხი პოზიტიური იქნება. მთავარია, მოსამზადებლად საკმარისი დრო მქონდეს“, - ამბობს ჯოკოვიჩი.

ვაქცინაციაზე უარის თქმის გამო, ჯოკოვიჩმა ვერც აშშ-ის ღია პირველობაზე თამაში შეძლო. ავსტრალიაში მას ცხრა ტიტული აქვს მოპოვებული და რა თქმა უნდა, წელსაც ფავორიტი იყო, მაგრამ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. და სანამ მას თამაშის საშუალება არ ჰქონდა, რაფაელ ნადალმა დიდი სლემის 22-ე ტიტული დაისაკუთრა და სერბი უკან მოიტოვა.

ტენის ავსტრალიას მთავარმა აღმასრულებელმა კრეიგ ტილიმ განაცხადა, რომ ჯოკოვიჩისთვის ვიზის მიცემაზე აკრძალვის მოხსნა მის კომპეტენციაში არაა. თუმცა იმედიც გამოთქვა, რომ ახალი მთავრობა ამ საქმეს მოაგვარებს.

0.675974