ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა, მას შემდეგ, რაც ლისაბონში „ბენფიკასთან“ 3:4 დამარცხდა და ორი პირადი ანტირეკორდიც დაამყარა.
ტურინულმა კლუბმა განვლილ 5 ტურში მხოლოდ 3 ქულა დააგროვა და მას მერე, რაც გუნდებს გამარჯვებაზე 3 ქულა ენიჭებათ (1994 წლიდან), პირველად მოხდა, რომ „იუვეს“ ჩემპიონთა ლიგაზე 5 მატჩის შემდეგ აქტივში მხოლოდ 3 ქულა აქვს. ცხადია, "ბებერმა ქალბატონმა" 5 ტურში 4 მატჩიც პირველად წააგო.
გარდა ამისა, „ბიანკონერიმ“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის პირველ ტაიმში ისტორიაში პირველად გაუშვა 3 გოლი. ლისაბონელებმა 4-დან 3 ბურთი იტალიელებს სწორედ შესვენებამდე გაუტანეს.
ისიც გავიხსენოთ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში 20013 წლის შემდეგ პირველად ჩარჩა და ბოლო ტურში მხოლოდ ევროპა ლიგის საგზურისთვის მოუწევს ბრძოლა, მაგრამ საქმე მარტივად არც ამ კუთხით არ აქვს, რადგან ბოლო ტურში პსჟ-ს მასპინძლობს, ხოლო მისი კონკურენტი „მაკაბი“ (ორივეს 3-3 ქულა აქვთ) – „ბენფიკას“.