ჩოგბურთი

23:18 | 25.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი პარიზის მასტერსზე დაბრუნდება

რაფაელ ნადალის მწვრთნელი კარლოს მოია ამბობს, რომ ესპანელი ჩოგბურთელი პარიზის მასტერსის სერიის ტურნირზე ითამაშებს და შემდეგ სეზონის დამამთავრებელ ATP-ს ფინალშიც გამოვა.

ნადალს ამ სეზონში არაერთხელ ჰქონდა ტრავმული პრობლემა. როლან გაროსზე ტკივილგამაყუჩებლებით ითამაშა და ამის მიუხედავად, ამ ტურნირის მე-14 ტიტული მოიპოვა. პარიზში მას ტერფის პრობლემა ჰქონდა, უიმბლდონზე თამაში კი მუცლის კუნთის ტკივილის გამო შეწყვიტა.

აშშ-ის ღია პირველობაზე, ამერიკელ ფრენსის ტიაფოსთან წაგების შემდეგ, მან განაცხადა, რომ პრობლემები აქვს მოსაგვარებელი და არ იცის, როდის დაუბრუნდება კორტს.

რეიტინგში მეორე საფეხურზე მყოფ ნადალს დიდი სლემის 22 ტიტული აქვს მოპოვებული. ახლახანს მას პირველი შვილი შეეძინა.

მოია ამბობს, რომ მისი შეგირდი პარიზში, ბერსის კორტებზე მასტერს 1000-ის ტურნირზე ითამაშებს, რომელიც არასდროს მოუგია. ეს მისთვის ATP-ს ფინალისთვის ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი იქნება. ATP-ს ფინალი ტურინში, 13-20 ნოემბერს გაიმართება.

„ტურინში ჩასვლამდე, პარიზში თამაში საჭიროა, რადგან ორივე ტურნირზე მსგავს კორტებზე გიწევს თამაში. რაფა ყველგან კონკურენტუნარიანია“, - ამბობს მოია.

0.11494