ჩოგბურთი

0:08 | 25.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯესიკა პეგულამ გვადალახარას ტურნირი მოიგო

ამერიკელმა ჯესიკა პეგულამ გვადალახარას ღია პირველობის ფინალში, ბერძენ მარია საკარის 6-2, 6-3 მოუგო და თავის კარიერაში პირველად დაეუფლა WTA 1000-ის სერიის ტურნირის ტიტულს.

პეგულა ტურნირზე მესამე ნომრად იყო განთესილი და ფინალამდე გზიდან დიდი სლემის ტიტულების მფლობელი ოთხი ჩოგბურთელი ჩამოიშორა. ფინალში კი გამარჯვებისთვის სულ 70 წუთი დასჭირდა.

„როდესაც კენჭისყრის შედეგები ვნახე, გაოცებული დავრჩი - ძალიან რთული ბადე მქონდა. მაგრამ მთელი ტურნირის განმავლობაში, მობილიზებული ვიყავი, დღეს კი საკუთარი ნერვები და ემოციები მოვთოკე და ახლა ძალიან ვამაყობ ჩემით“, - განაცხადა პეგულამ, ვინც ვიქტორია აზარენკას, სლოან სტივენსს, ბიანკა ანდრეესკუს და ელენა რიბაკინას დამარცხება შეძლო.

ამერიკელმა 2-2-ზე შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და პირველი სეტი ადვილად მიიყვანა გამარჯვებამდე. მეორე სეტში, მან მეტოქის მოწოდება ორჯერ აიღო და 5-2 დაწინაურდა. საკარი მეტოქეს ბევრი შეცდომით ანებივრებდა და თავიდანვე აშკარა იყო, რომ ეს დღე მისი არ იყო.

ბერძენი ჩოგბურთელი გადაღლილი იყო, რადგან წვიმის გამო, ჩეხ მარი ბუზკოვასთან ნახევარფინალური შეხვედრის ფინალის დღეს დასრულებამ მოუწია. პეგულამ ამ სეზონში WTA-ს ტურნირებზე 41-ე გამარჯვება მოიპოვა და ამ მაჩვენებლით, ტურზე მესამე ადგილი უკავია იგა სვიატეკის (62 მოგება) და ონს ჟაბურის (46) შემდეგ. გვადალახარაში გამარჯვების წყალობით, ის რეიტინგში მესამე ადგილზე გადაინაცვლებს.

0.131022