ლონდონის „ჩელსის“ ყოფილმა და ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჯანფრანკო ძოლამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია, რომლის თამაში ბოლო პერიოდში ნახა.
„კვარაცხელიას არ ვიცნობდი, პირველად რომ ვნახე, პირღია დავრჩი. პირველი, რაც მასში შევამჩნიე, ბურთის კონტროლის უნარი, მეტოქის მოტყუების სიმარტივე და პასის სიზუსტეა. თუმცა, ასევე აქვს დიდი საფეხბურთო ინტელექტი, ის ყოველთვის სწორად მოქმედებს საჭირო დროს. ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია, რომლის თამაში ბოლო დროს მინახავს. ვულოცავ „ნაპოლის“, რომელმაც მისი პოვნა მოახერხა. კვარამ „რომასთან“ მატჩში დადებითად გამაკვირვა, დღეს კარგი თამაში ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ მცირე სივრცეები ჰქონდა“, - აღნიშნა ძოლამ.
შეგახსენებთ, რომ ჯანფრანკო ძოლა „ჩელსის“ გარდა, კარიერის განმავლობაში „ნაპოლის“, „პარმასა“ და „კალიარის“ რიგებში თამაშობდა. მას „ნაპოლიში“ თამაში დიეგო მარადონასთან ერთადაც მოუწია.