ავტოსპორტი

2:27 | 24.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა აშშ-ის რბოლაც მოიგო, „რედ ბული“ ჩემპიონი გახდა

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა აშშ-ის დიდი პრიზის რბოლა მოიგო, რითაც „რედ ბულს“ კონსტრუქტორთა ჩემპიონატი ვადამდე გაანაღდებინა. ეს გუნდის მფლობელის, ავსტრიელ მილიარდერ დიტრიხ მატეშიცის გარდაცვალებიდან მეორე დღეს მოხდა.

ფერსტაპენს შუა რბოლისას, ქარის გამო პრობლემები ჰქონდა, მეორე პირ სტოპზე კი გუნდმა ზედმეტად შეაყოვნა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩემპიონმა ბოლომდე იბრძოლა და ფინიშამდე ხუთი წრით ადრე, ლიდერობა ჩამოართვა ლუის ჰამილტონს, ვისაც ამ სეზონში პირველი გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა.

ამგვარად, დასრულდა კონსტრუქტორთა ჩემპიონატში „მერსედესის“ ბატონობა, რომელიც რვა წელი გაგრძელდა. ხარებმა 2013 წლის შემდეგ პირველად შეძლეს გუნდური ჩემპიონატის მოგება. და ამით მიაგეს მატეშიცის ხსოვნას, რომელმაც ფორმულა 1-ში ეპოქა შექმნა. „ეს გამარჯვება დიტრიხს ეძღვნება“, - ფინიშის შემდეგ, რადიოთი განაცხადა ფერსტაპენმა.

იმისათვის, რომ „რედ ბულისთვის“ ოსტინშივე ტიტულის განაღდებაში ხელი შეეშალა, „ფერარის“ ხარებზე 19 ქულით მეტი უნდა აეღო. მაგრამ მისი პილოტებიდან ფინიშს მხოლოდ შარლ ლეკლერმა მიაღწია, რომელიც სტარტზე მე-12 იყო, ფინიშთან კი მესამე მივიდა. კარლოს საინსი კი, რომელმაც სტარტი პოულიდან აიღო, რბოლას პირველივე მოსახვევში გამოეთიშა. მას პირველ მოსახვევში ჯორჯ რასელი დაეჯახა, რამაც „ფერარი“ იმდენად დააზიანა, რომ ესპანელმა რბოლა შეწყვიტა.

ფერსტაპენმა ამ სეზონში მე-13 გამარჯვება (კარიერაში 33-ე) მოიპოვა, რითაც ერთ სეზონში მოგებული რბოლების რეკორდი გაიმეორა. ეს რეკორდი აქამდე მხოლოდ მიხაელ შუმახერს და სებასტიან ფეტელს ეკუთვნოდათ. ეს იყო „რედ ბულის“ ზედიზედ მერვე, ამ სეზონში კი მე-15 გამარჯვება (19 რბოლაში).

ფერსტაპენს 36 წრეზე მეორე პიტ სტოპის შესრულებისას, გუნდმა წინა მარცხენა საბურავის შეცვლა გაუჭიანურა, რის გამოც, მან ბოქსში 11.1 წამი დაჰყო. ის ტრასაზე მედიუმებით, მეექვსე პოზიციაზე დაბრუნდა, მაგრამ მეორემდე გზა მალე გაიკვალა და მალევე ჰარდებით მოასპარეზე ჰამილტონს შეუტია, რომელმაც რეალური წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო.

აშშ-ის დიდი პრიზი

ოსტინი, დისტანცია 308.405 კმ (5.513 კმ, 56 წრე)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:42'11.687
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 5.023
  3. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 7.501
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 8.293
  5. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 44.815
  6. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 53.785
  7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 55.078
  8. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1'05.354
  9. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1'05.834
  10. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1'10.919
  11. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1'12.875
  12. ალექსანდრ ელბონი (ტაილანდ, უილიამსი) 1'15.057
  13. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 1'16.164
  14. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1'21.763
  15. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1'24.490
  16. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1'30.487
  17. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1'43.588
  18. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 35 წრე
  19. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 40 წრე
  20. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 56 წრე

უსწრაფესი წრე: ჯორჯ რასელი - 1:38.788 (56-ე წრე)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. მაქს ფერსტაპენი - 391 (ჩემპიონი); 2. შარლ ლეკლერი - 267; 3. სერხიო პერესი - 265; 4. ჯორჯ რასელი - 218; 5. კარლოს საინსი - 202; 6. ლუის ჰამილტონი - 198; 7. ლანდო ნორისი - 109; 8. ესტებან ოკონი - 78; 9. ფერნანდო ალონსო - 71; 10. ვალტერი ბოტასი - 46; 11. სებასტიან ფეტელი - 36; 12. დანიელ რიკარდო - 29; 13. კევინ მაგნუსენი - 24; 14. პიერ გასლი - 23; 15. ლანს სტროლი - 13; 16-17. მიკ შუმახერი და იუკი ცუნოდა - 12; 18. გუანიუ ჟოუ - 6; 19. ალექსანდრ ელბონი - 4; 20-21. ნიკოლას ლატიფი და ნიკ დე ფრისი (ჰოლანდია, უილიამსი) - 2; 22. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ასტონ მარტინი) – 0.

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. რედ ბული - 656 (ჩემპიონი); 2. ფერარი - 469; 3. მერსედესი - 416; 4. ალპინი - 149; 5. მაკლარენი - 138; 6. ალფა რომეო - 52; 7. ასტონ მარტინი - 49; 8. ჰაასი - 36; 9. ალფატაური - 35; 10. უილიამსი - 8.

0.392583