ავსტრიის სამთო კურორტ ზოლდენში სტარტი აიღო სამთო მოთხილამურეთა 2022-2023 წლების მსოფლიო თასის სეზონმა. პირველი რბოლა მამაკაცთა შორის, გიგანტურ სლალომში გაიმართა და ის შვეიცარიელმა ფავორიტმა მარკო ოდერმატმა მოიგო.
25 წლის ოდერმატმა გასულ სეზონში, გიგანტურ სლალომსა და აბსოლუტურ ჩათვლაში, მსოფლიო თასები (ბროლის მცირე და დიდი გლობუსები) მოიპოვა და პეკინის ოლიმპიდაზე ოქროს დაეუფლა. გარდა ამისა, გიგანტური სლალომის ხუთი რბოლა მოიგო და დანარჩენი სამი კვარცხლბეკზე დაასრულა. შესაბამისად, ის
ზოლდენშიც ფავორიტი იყო.
ოდერმატი იყო ერთადერთი მოთხილამურე, რომელმაც პირველი ცდა წუთზე ნაკლებში (59.88 წამში) დაასრულა. ბუნებრივია, ამ ცდის შემდეგ პირველ ადგილზე იყო და მეორეზე თავს მოდუნბის უფლება მისცა. ამჯერად მეცხრე შედეგს დასჯერდა, თუმცა ამითაც რბოლის გამარჯვებული გახდა.
მეორე ადგილი სლოვენიელმა ზან კრანიეცმა დაიკავა, ვინც ორი ცდის ჯამში, გამრჯვებულს 0.76 წამით ჩამორჩა. კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე კი ნორვეგიელი ჰენრიკ კრისტოფერსენი დადგა (ჩამორჩენა 0.97 წამი). მეორე ცდაზე უსწრაფესი ამერიკელი ტომი ფორდი იყო, მაგრამ ეს მხოლოდ მეექვსე ადგილისთვის ეყო.
ქალთა გიგანტური სლალომი შაბათს უნდა გამართულიყო, მაგრამ უამინდობის გამო, რამაც უსაფრთხოების ნორმების დაცვა შეუძლებელი გახადა, გადაიდო.