ძიუდო

18:55 | 23.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

სოფიო სომხიშვილის ვერცხლის მედალი აბუ დაბის გრანდ სლემზე

აბუ დაბის გრანდ სლემი საქართველოს ნაკრებმა 4 მედლით დაასრულა. ბოლო მედალი სოფიო სომხიშვილის აქტიშია, რომელიც ვერცხლს დაეუფლა.

+78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა ტრინადადისა და ტობაგოს წარმომადგენელი გაბრიელა ვუდი დაამარცხა, მერე ფრანგ ლეა ფონტენს აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც პორტუგალიელ როშელ ნუნიესს სძლია და ფინალში იბრძოლა, მისი მეტოქე კი ჩინელი ქსინ სუ გახლდათ, რომელთანაც იპონით წააგო.

მოგეხსენებათ, მანამდე ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. მან აზერბაიჯანელი ვუგარ თალიბოვი, ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი და ბერძენი თეოდოროს ცელიდისი დაამარცხა, ნახევარფინალში კი სერბ ნემანია მაიდოვს შეხვდა, რომელსაც აჯობა და ფინალში ფრანგ ლორის ტასიეს დაუპირისპირდა, რომელსაც 43 წამში შებოჭვით და შესაბამისად, იპონით აჯობა.

დღესვე უმედლოდ დარჩა უშანგი მარგიანი (90 კგ), რომელმაც პირველი შეხვედრა ჩინელ იადონგ ქსიეთან მოიგო, თუმცა მეორე წრეში ტაჯიკ კომრონშოხ უსტოპირიონთან ვერაფერი გააწყო, შედეგად რეპეშაჟში ვერ გადავიდა და მედლისთვის ვერ იბრძოლა. 100 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ბერიაშვილი და ონისე სანებლიძე პირველი წრისგან თავისუფალი იყვნენ, მაგრამ მეორე წრეში, მათ პირველივე შეხვედრაში მარცხი განიცადეს. ბერიაშვილი დანიელ მატიას მადსენთან დამარცხდა, ხოლო სანებლიძემ ჩილელ ტომას ბრისენოსთან წააგო. მედლისთვის ვერ იბრძოლა ირაკლი დემეტრაშვილმაც (+100 კგ), რომელმაც ჩინელი რუიქსუან ლის ბარიერი უბრძოლველად დაძლია, რადგან მეტოქე ტატამიზე არ გამოცხადდა, მაგრამ ნიდერლანდელ იურ სპიკერსთან ვერაფერი გაახერხა და ასპარეზობა დაასრულა.

შეგახსენებთ, აბუ დაბის გრანდ სლემზე ბექა ღვინიაშვილმა და გიორგი სარდალაშვილმა ოქროს, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით საქართველომ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

0.112711