ჩოგბურთი

22:56 | 21.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

სიმონა ჰალეპი დოპინგზე ჩავარდა

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, რუმინელი სიმონა ჰალეპი დოპინგზე ჩავარდა. ტესტებზე მას აკრძალულ პრეპარატ როქსადუსტატის გამოყენება დაუდასტურდა. ეს პრეპარატი სისხლში წითელი ბურთულების მომრავლებას იწვევს, რომლებიც ჰაერიდან ჟანგბადის შეთვისებას აუმჯობესებს და ამ გზით, სპორტსმენის ამტანობას ზრდის.

ჰალეპს, ვისაც რეიტინგში მეცხრე ადგილი უკავია, ტესტი აშშ-ის ღია პირველობის დროს ჩაუტარდა. A და B სინჯებში, როქსადუსტატის შემცველობა დადასტურდა, რომელიც მედიცინაში ანემიის სამკურნალოდ გამოიყენება. მას დაახლოებით ისეთივე ეფექტი აქვს, როგორიც აკრძალულ პრეპარატ ერითროპოიეტინს (EPO).

„სიმონა ჰალეპს, 31 წლის რუმინელ ჩოგბურთელს, ჩოგბურთის დოპინგ საწინააღმდეგო პროგრამის 7.12.1 მუხლის შესაბამისად, წინასწარი დისკვალიფიკაცია მიესაჯა“, - ნათქვამია ჩოგბურთის საერთაშორისო ერთობის სააგენტოს (ITIA) ოფიციალურ განცხადებაში.

დიდი სლემის ორი ტიტულის მფლობელმა, A სინჯის ტესტის პასუხის მიღების შემდეგ, B სინჯის შემოწმება მოითხოვა, რომელმაც პირველი ტესტის პასუხი დაადასტურა. მიღებულ შედეგებს ჰალეპმა „მის ცხოვრებაში უდიდესი შოკი“ უწოდა და განაცხადა, რომ აკრძალული პრეპარატი გამიზნულად არ მიუღია. ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ მის ცხოვრებაში ურთულესი მატჩი დაიწყო.

ჰალეპს 2018 წელს როლან გაროსი აქვს მოგებული, 2019 წელს კი უიმბლდონის ჩემპიონი გახდა. ამ სეზონში მან ორი ტურნირი მოიგო. მისთვის სეზონი ადრეულად შეწყდა, რადგან სუნთქვის გართულების გამო, ცხვირის ოპერაცია გაიკეთა.

0.12186