საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტური „საბურთალოსა“ და „დინამო ბათუმის“ შეხვედრით გაიხსნა, რომელიც სტუმრებმა 4:2 მოიგეს.
მატჩი დაძაბული გამოდგა და დასაწყისშივე გუნდებმა გოლები გაცვალეს. ჯერ იური ტაბატაძემ თბილისელები დააწინაურა, რასაც 7 წუთში გიორგი ფანცულაიამ უპასუხა. პირველ ტაიმში ვითარება არ შეცვლილა, სამაგიეროდ, მეორე ნახევრის სტარტი ზუსტად ისეთივე გამოდგა, როგორიც პირველ ტაიმს ჰქონდა.
გურამ გოშთელიანმა „საბურთალო“ მეორედ დააწინაურა, მაგრამ ზღვისპირელებმა მალევე გაათანაბრეს - ფანცულაიამ დუბლი შეასრულა. ამის მერე გია გეგუჩაძის გუნდმა უპირატესობა მოიპოვა, რაც შედეგშიც ასახა. ვლადიმერ მამუჩაშვილმა 64-ე წუთზე პენალტით დააწინაურა აჭარული გუნდი, ხოლო ბოლო წუთზე მათე ვაწაძემ ბათუმელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა.
შედეგად, „დინამო ბათუმმა“ 67 ქულა დააგროვა, ქულით გადაასწრო „დინამო თბილისს“ და გალიდერდა. ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ „დინამო თბილისი“ ამ ტურის მატჩს გორის „დილასთან“ ჩაატარებს. „საბურთალო“ 44 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში „დინამო თბილისს“ შეხვდება.
„საბურთალო“ – „დინამო ბათუმი“ (1:1)
გოლები: 1:0 ტაბატაძე (4), 1:1 ფანცულაია (11), 2:1 გოშთელიანი (52), 2:2 ფანცულაია (56), 2:3 მამუჩაშვილი (64, პენ), 2:4 ვაწაძე (90)