ფლორენციის სტადიონ „არტემიო ფრანკის“ ნამდვილად აქვს თავისი მაგია. ეს მომაჯადოვებლობა ტელევიზორის ეკრანიდანაც კი იგრძნობა, მაგრამ რა თქმა უნდა სულ სხვაა, როდესაც სტადიონზე შედიხარ, მოკრძალებულად ჩამოჯდები სამხრეთის ტრიბუნაზე და თვალგაფაციცებით მიმოიხედავ ირგვლივ. აქ ყველაფერი ძველი და კარგად ნაცნობია. უზარმაზარი საკლუბო დროშაც ისევე ფრიალებს, როგორც ჩვენს ბავშობაში და ამ საოცარ ალაგას ადამიანებიც კვლავინდებურად ბავშვური იმედით აღვსილნი დადიან - ეგებ წელს, მაინც! „ვიოლა“ - ეგებ წელს მაინც გამოგივიდეს რამე!!!
სწორედ ეს სიძველე და მორყეულობაა იმის მიზეზი, რომ 2022 წლის საფეხბურთო სეზონის დაწყების წინ „ფიორენტინას“ ხელმძღვანელობამ ოფიციალურად განაცხადა, „არტემიო ფრანკი“ ზედმეტად მოძველდა და უკვე ვმუშაობთ ძველის დანგრევის გეგმასა და ახალი სტადიონის მაკეტზეო.
ჩვენთვის, ვისთვისაც „არტემიო ფრანკი“ ბავშვობის დიდებულ მოგონებებთან ასოცირდება და საფეხბურთო ტაძრად ითვლება, ეს იყო ერთგვარი სიგნალი იმისთვის, რომ მოგვესწრო და დანგრევამდე კიდევ ერთხელ (შეიძლება უკანასკნელადაც) შეგვევლო თვალი იმ ტრიბუნებისთვის, საიდანაც მრავალი ათწლეულია ისმის გასული საუკუნის 50-იან წლებში დაწერილი „ფიორენტინას“ ცოტა არ იყოს ტინგიცური ჰიმნი და კიდევ ერთხელ გვენახა ის მომნუსხველი გამოსასვლელი, საიდანაც არც მეტი, არც ნაკლები გაბრიელ ბატისტუტა გამოდიოდა. გამოდიოდა და სასწაულებიც ხდებოდა.
2022 წლის 10 ოქტომბერი კარგით არაფრით შევა ფლორენციის „ფიორენტინას“ ისედაც მრავალმარცხმოსილ ისტორიაში. ვინჩენცო იტალიანოს მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ამ დღეს ოთხი ყვითელი ბარათის პარალელურად რომის „ლაციოსგან“ ოთხი უპასუხო ბურთიც მიიღო, რითაც სრულიად გააცამტვერა სეზონის დასაწყისში გაცემული ავანსები და ჩასახული იმედები. „ფიორენტინას“ მარცხი ბევრჯერ გვინახავს და ეს არცაა გასაკვირი, მაგრამ სახლში 0:4 წაგების შემდეგ, გულდათუთქულ ფლორენციელ ტიფოზებს იმედდაკარგულობა განსაკუთრებულად მძიმედ ეტყობოდათ და მათი ეს უილაჯობა იმათაც კი გადაედოთ, რომლებიც ასეთ მატჩებზე სანახაობის, მეორენაირად სეირის საყურებლად დადიან.
აბა მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ სულ რაღაც ოთხ დღეში ამაზე სტადიონზე და ამავე პუბლიკის წინაშე „ფიორენტინა“ კონფერენს ლიგაზე მეტოქედ ხვედრილ შოტლანდიურ „ჰართსს“ ზურგზე მტვერს აადენდა, ანგარიშით 5:1 გაიმარჯვებდა და მომავლის იმედებს კიდევ ერთხელ აუნთებდა ისედაც ქართველი ამომრჩეველივით მუდამ პოზიტივის მაძიებელ ფლორენციელებს. თუმცა ეს სულ სხვა ამბავია და სხვანაირადაც უნდა აღიწეროს. მანამდე კი იყო თამაში „ლაციოსთან“. და თამაში ვისთვის?...
ტყუილად არ მიხსენებია ის ხალხი, რომლებიც სტადიონებზე სეირის და სანახაობის ხილვის იმედად დადიან. მე ასეთად ნამდვილად ვერ ჩავითვლები, მაგრამ უეჭველად ჩაითვლებოდა ჩემს წინ მჯდარი ამერიკელი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ზოოპარკში პირველად მოხვედრილი ბავშვივით პირდაღებული შესცქეროდა ნებისმიერ დროს სასიმღეროდ მზად და მოწინააღმდეგის გუნდის ხმის ჩახლეჩვამდე მაგინებელ ფლორენციელ ქომაგებს და თან მალიმალ უღებდა ფოტოებს. ეს აბრაზებდა გულშემატკივრებს, მაგრამ მათი გულისწყრომა ამერიკელს საერთოდ არ ანაღვლებდა. სტუდენტობისას, ჟურნალისტობის მსურველ ახალგაზრდებს, ერთმა კარგმა კაცმა, ძველმა ფოტოგრაფმა გვასწავლა, რომ ადამიანებს განსაკუთრებით აღიზიანებთ, როდესაც უცნობი მავანი გარეული ცხოველივით უყურებს, მალიმალ ფოტოებს უღებს და უტიფრად აგრძელებს ამ საქმეს მიუხედავად იმისა, რას ეტყვი და მოუწოდებ. იმ ამერიკელმა ბიჭმა როგორც ჩანს არ იცოდა ეს, ერთი შეხედვით ხელის გულზე დადებული ჭეშმარიტებები და იმის ნაცვლად რომ ფოტოების გადაღების უფლება მოეთხოვა და ფლორენციელთა ტკივილი გაეზიარებინა, მაშინაც კი, როცა „ფიორენტინა“ 0:3 აგებდა, იდგა და სათითაოდ ცხვირწინ უჩხაკუნებდა ყველას ფოტოაპარატს, აქაოდა, აი, რა მაგარი ბიჭი ვარ და როგორ მაგრად ვსახავ თქვენს ემოციებსო. ემოციები კი იცოცხლეთ იყო და თანაც უზღვავი.
მცირე რამ სურათ-ხატები თამაშის დროს სტადიონზე არსებული ვითარებიდან:
22-25 წლის გოგო, რომელსაც ტანზე დიდი იისფერი დროშა ჰქონდა შემოხვეული, მარცხის შემდეგ ტიროდა და ცრემლებს ამ დროშის კუთხით იწმენდდა;
დროშა ეჭირა 10-იოდე წლის ბიჭუნასაც, რომელიც მამასთან ერთად იყო მოსული. მამა მთელი თამაშის განმავლობაში უხსნიდა, რომელი ფეხბურთელი რა პოზიციაზე იდგა და რა ევალებოდა. მესამე გოლის გაშვების შემდეგ კი მასაც მობეზრდა „ფიორენტინას“ უბედურების ცქერა და ბავშვის კითხვებზე პასუხს აქა-იქ თუ გასცემდა;
„ლაციოს“ ყოველი შეტევისას რომაელი ტიფოზები რაღაც საზარელ ხმაზე აბრახუნებდნენ რკინის უცნაურ ფირფიტებს. ეს ხმა იყო გამყივანი და გამამწარებელი. ყოველ ასეთ დაბრახუნებას ფლორენციელთა გინება და საშინელი გაცოფება მოსდევდა;
დაახლოებით ათამდე 40-45 წლის კაცი მთელი თამაშის დროს ვინჩენცო იტალიანოს პოსტის დატოვებისკენ მოუწოდებდა. ბოლოს ისე გამწარდნენ, რომ რაც ხელში მოხვდათ, ყველაფერს მინდვრისკენ ისროდნენ, თუმცა ნასროლთაგან ცოტა რამ იყო ისეთი, რამაც უშუალოდ მინდვრამდე მიაღწია...
დიდი ბრაზი და აღშფოთება სუფევდა მატჩის შემდეგ საჯარო ტრანსპორტში შეკრებილ ხალხს შორისაც. როდესაც რიგითი მგზავრები სტადიონიდან გამოსული ხალხისგან თამაშის შედეგს იგებდნენ, ისინიც იტალიანოს კრულვას იწყებდნენ. თვით ავტობუსის მძღოლმაც კი საჭეზე ხელი ბრაზით რამდენჯერმე დააბრახუნა, როდესაც საკლუბო მაისურით მოსილმა ყმაწვილმა რომაელებთან მარცხის ამბავი უთხრა.
რაღა დაგიმალოთ და, დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთი სამარცხვინო მარცხის და თავსლაფის შემდეგ ვინჩენცო იტალიანო საკუთარი ნებით წავიდოდა დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა ამ კაცს აღმოაჩნდა სიმტკიცე, საკუთარი თავის რწმენა და პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არაფრის დიდებით არ წავიდოდა გუნდიდან, რადგან მიაჩნდა, რომ „ვიოლასათვის“ კიდევ ბერი რამის გაკეთება შეეძლო. არ ვიცი, კონფერენს ლიგაზე შოტლანდიელთა რბევა რამდენად შეიძლება ჩაითვალის ტოსკანელთა გამოცოცხლებად, მაგრამ იტალიანოს თავზე დატეხილი რისხვა რომ შენელდებოდა, ფაქტია.
მიუხედავად მარცხისა და ცრემლებისა, მიუხედავად მცირე ჟინჟლისა და სუსხისა, მიუხედავად რომაელი ფანების აშკარა სითავხედისა და ამის გამო ნერვების აწეწვისა, ამ ქალაქში, ამ სტადიონზე, ამ გუნდის თამაშის ნახვა ყოველთვის ღირს. მერე რა რომ მხოლოდ დამარცხებულებს ასამართლებენ...
ლევან სეფისკვერაძე იტალიიდან