ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” ახალი სეზონისთვის მზადების ციკლში პირველი საგამოფენო მატჩი ჩაატარა და “მემფის გრიზლისი” 86:83 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ცენტრის კლუბი თამაშის მიმდინარეობის დროს მეტოქეს 15 ქულითაც კი ჩამორჩა, თუმცა, დასკვნით მეოთხედში, როდესაც მეტოქე სათადარიგო კალათბურთელებით ირჯებოდა, 33:24 იმარჯვა და წარმატებას მიაღწია.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი “ბაქსის” სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 15 წუთში კი სამივე ტყორცნა ააცილა და 4 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ზაზამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.
ცხადია, უმთავრესი ყურადღება მილუოკელთა ფორვარდ ჯაბარი პარკერის მიმართ გახლდათ მიპყრობილი, რომელიც კლუბმა გასულ დრაფტზე მე-2 ნომრად აიყვანა და მასაც ქომაგთა იმედები არ გაუწბილებია.
პარკერმა 32 წუთს ითამაშა და 14 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. 17 ქულა ჩააგდო კრის მიდლტონმა, 10-ქულიან ზღვარს კი ჯონ ჰენსონმა (12), ბრენდონ ნაიტმა (11) და ლარი სანდერსმაც (10) უწიეს. ამ უკანასკნელის აქტივში ერთბაშად 15 მოხსნაც გახლდათ.
“მილუოკი” მორიგ საკონტროლო მატჩს ხვალ გამთენიისას დეტროიტში გამართავს და მეტოქედ “პისტონზი” ეყოლება.