ფეხბურთი

23:24 | 18.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილის სუპერმატჩი "სევილიასთან" და "ვალენსიას" დაკარგული ქულები

ესპანეთის ლა ლიგის მეათე ტურში „ვალენსია“ „სანჩეს პისხუანზე“ „სევილიას“ დაუზავდა (1:1) და გიორგი მამარდაშვილს შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ სუპერთამაში გამოუვიდა.

ჯერ თამაშზე ვთქვათ, რომელიც საოცრად დრამატული გამოდგა: „ვალენსია“ მეექვსე წუთზე დაწინაურდა, როდესაც ედინსონ კავანიმ თავური დარტყმით გაიტანა და ჯენარო გატუზოს გუნდი წინ გაიყვანა. „სევილიამ“ 86-ე წუთზე გაათანაბრა, როცა დიდი უპირატესობა გოლად აქცია და ეს ყველაფერი კუთხურს მოჰყვა: თავი ერიკ ლამელამ გამოიჩინა, რომელიც რატომღაც საჯარიმოში სრულიად მარტო დატოვეს და არგენტინელმა მამარდაშვილს ახლო მანძილიდან აჯობა. გიორგის შანსი არ ჰქონდა და გაშვებული გოლში დანაშაული არ აქვს. „ვალენსიას“ მოგება მაინც შეეძლო, რადგან მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეათე წუთი მიმდინარეობდა, როცა სტუმრებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს. ბურთთან ხოსე გაია მივიდა, მაგრამ „ღამურების“ კაპიტანმა იასონ ბონოს ვერ აჯობა და მაროკოელმა პენალტი მოიგერია. საბოლოოდ თამაში 1:1 დასრულდა.

მანამდეც ბევრი რამ მოხდა და „სევილია“ უპირატესობას ფლობდა, „ვალენსია“ ერთხელ ხარიხამ გადაარჩინა, სამჯერ კი მამარდაშვილმა. მე-17 და მე-18 წუთებზე 22 წლის ქართველმა მეკარემ საოცარი „სეივები“ მიითვალა. მან ჯერ რაფა მირის შორეული დარტყმა კუთხურზე მოიგერია და იმავე კუთხურის შემდეგ იმავე რაფა მირის თავური ძალიან ეფექტურ ნახტომში მოიგერია, ურთულესი დარტყმა იყო და ტურის საუკეთესო მოგერიების კანდიდატი იქნება. მე-60 წუთზე გიორგიმ ნემანია გუდელის შორეული დარტყმაც კუთხურზე გადააგდო. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა სუპერთამაში ჩაატარა, კარი მშრალად მაინც ვერ შეინახა, რაც ვალენსიელი მცველების ბრალია.

გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში 10 მატჩში 11 გოლი გაუშვა და კარი მშრალად ორჯერ შეინახა, „ვალენსიას“ 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (2 მოგება, 3 ფრე) და 15 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი 22 ოქტომბერს, „მალიორკას“ „მესტალიაზე“ დაუხვდება.

0.121883