არგენტინის ნაკრების ყოფილმა, ამჟამად კი „სევილიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი ყოფილი შეგირდი, ლიონელ მესი, მსოფლიოში საუკეთესოა და ოქროს ბურთს მას ყოველ წელს უნდა ანიჭებდნენ.
„მართებული იქნებოდა, მესის ყოველ წელს ანიჭებდნენ ოქროს ბურთს, რადგან ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.
ბენზემამ ეს პრიზი იმიტომ დაიმსახურა, რომ რეალის წარმატებებში დიდი წვლილი შეიტანა. მაგრამ ეს ორი სხვადასხვა ამბავია, რომლებიც ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს.“ - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს ესპანური Marca.
ოქროს ბურთის წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია გუშინ, 17 ოქტომბერს გაიმართა პარიზში. გამარჯვებული, როგორც მოსალოდნელი იყო, ბენზემა გახდა. მესი კი ოცდაათეულშიც ვერ მოხვდა.