ავტოსპორტი

0:47 | 18.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

FIA რთული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა

„რედ ბულის“ მიერ, ფორმულა 1-ში არსებული საბიუჯეტო ჭერის დარღვევის ფაქტი, სპორტის მმართველებისგან პასუხგაუცემელ კითხვებს ტოვებს. ეს არის ფორმულა 1-ის მიმართ მძლავრი კრიტიკის საფუძველი, რომლებზეც სპორტს და FIA-ს სასწრაფოდ რეაგირება მოუწევთ.

როგორც ცნობილია, FIA-მ (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) დაადასტურა, რომ „რედ ბულმა“ გასულ სეზონში დასაშვებზე მეტი თანხა დახარჯა. კონკრეტული თანხა დასახელებული არ არის. ლაპარაკია იმაზე, რომ ავსტრიულმა გუნდმა დასაშვებ 145 მილიონ დოლარს, 5 პროცენტზე ნაკლებით გადააჭარბა.

აღნიშნული გადაჭარბება შეიძლება იყოს რამდენიმე ათეული ათასი დოლარიდან, 7.25 მილიონ დოლარამდე. მეორე თანხა სრულებით საკმარისია იმისთვის, რომ გუნდმა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, მეტოქეებთან სოლიდური უპირატესობა მიიღოს.

„მერსედესის“ შეფი ტოტო ვოლფი ამბობს, რომ ეს თანხა საკმარისია იმისთვის, რომ ისეთმა გუნდმა, როგორიც „რედ ბულია“, არაერთი მეათედი წამით გააუმჯობესოს წრის დრო. „თუ ლიმიტს აჭარბებ, სულ სხვა ლიგაში გადადიხარ“, - ამბობს ვოლფი.

ფორმულა 1-ში ბიუჯეტის ლიმიტი გასული სეზონიდან ამოქმედდა. და თუ მისი დარღვევა მკაცრად არ დაისაჯა, გუნდებს ექნებათ იმი პრეცედენტი, რომ ის მომავალშიც დაარღვიონ. ვოლფი დარწმუნებულია, რომ მომავალში დარღვევაზე სხვა გუნდებიც წავლენ, თუ ახლანდელ დამრღვევებს სოლიდურ ჯარიმებს არ გამოუწერენ.

FIA-ს წესებში წერია, რომ ბიუჯეტის ჭერის დარღვევისთვის, ჯარიმა შეიძლება იყოს ფულადი, ან მცირე სპორტული სასჯელები. ასეთ სასჯელებს შორის არის გაფრთხილება, ქულების ჩამორთმევა ორივე ჩემპიონატიდან, დამრღვევისთვის ბიუჯეტის ჭერის შემცირება, ასევე აეროდინამიკური და სხვა ტიპის ტესტების შეზღუდვა.

დიდი ალბათობით, FIA ქულების ჩამოწერაზე არ წავა. ყველა სხვა სასჯელი, სხვა გუნდებისთვის ბიუჯეტის ჭერის დასარღვევად სტიმული იქნება. და ამ შემთხვევაში, ასეთი შეზღუდვა აზრს საერთოდ დაკარგავს.

0.134968