ჩოგბურთი

22:18 | 17.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

სვიატეკმა სან დიეგოს ღია პირველობა მოიგო

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, პოლონელმა იგა სვიატეკმა ამ სეზონში მერვე ტიტული სან დიეგოს ღია პირველობაზე მოიპოვა. ფინალში მან ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასულ ხორვატ დონა ვეკიჩს 6-3, 3-6, 6-0 მოუგო.

„ვიცოდი, რომ ის შესანიშნავად აწოდებს და ამიტომ მინდოდა, რომ დაბრუნებისას ყურადღებიანი ვყოფილიყავი. ბევრს არ ვფიქრობდი, ჩემს ინტუიციას ვიყენებდი და ყოველი ბურთისთვის ვიბრძოდი“, - ყვება სვიატეკი.

პოლონელმა პირველ ბრეიკს პირველი სეტის მეექვსე გეიმში მიაღწია. ვეკიჩმა წვიმის გამო, შაბათის ნახევარფინალური შეხვედრა კვირას, ფინალის წინ, მოგებით დაასრულა და პირველი სეტის მიწურულს დაღლა დაეტყო. მოპოვებული ბრეიკით, სვიატეკი 4-2 დაწინაურდა და ეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

მეორე სეტში ვეკიჩს მეორე სუნთქვა გაეხსნა. მან ტიტულოვან მეტოქეს ბრძოლა გაუმართა. ხორვატი თავისი მთავარი იარაღის - ძლიერი მოწოდების და მძლავრი დარტყმების გამოყენებას ცდილობდა და საკმაოდ წარმატებით. ეს საკმარისი აღმოჩნდა სეტებში ანგარიშის გასათანაბრებლად.

მაგრამ ამან სვიატეკი გამოაფხიზლა. მან გადამწყვეტი სეტის მეორე გეიმშივე შეძლო მეტოქის მოწოდების აღება და 2-0 დაწინაურდა. და აქედან მოყოლებული, მეტოქეს ერთი გეიმიც აღარ დაუთმო.

სვიატეკს, ვინც მსოფლიოს პირველი ჩოგანი აპრილში, ჩოგბურთიდან ავსტრალიელი ეშლი ბარტის წასვლის შემდეგ გახდა, ამ სეზონში 64 მოგება და 8 წაგება აქვს. 21 წლის პოლონელმა აშშ-ის და საფრანგეთის ღია პირველობები მოიგო და სეზონს WTA-ის ფინალით დაასრულებს, რომელიც 31 ოქტომბერს, ამერიკის ფორტ უორტში გაიმართება.

0.130789