სხვა

23:12 | 17.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბრიტანელმა ევანსმა მსოფლიო ჩემპიონატზე ქულებზე რბოლა მოიგო

სატრეკო ველოსპორტში, საფრანგეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ბოლო ოქროს მედალი ქალთა შორის ქულებზე რბოლაში, ბრიტანელმა ნია ევანსმა მოიგო. დაძაბულ პაექრობაში, 32 წლის მრბოლმა რბოლის მიწურულს, წარმატებული შეტევა განახორციელა და პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

საბოლოოდ, ევანსმა 60 ქულა დააგროვა და შვიდი ქულით აჯობა მეორეზე გასულ დანიელ ჯული ლეთს. მესამე ადგილზე კი ამერიკელი ჯენიფერ ვალენტე გავიდა, ვინც 51 ქულის დაგროვება შეძლო. ევანსმა უფრო ადრე, გამოდევნებით რბოლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

„ჯერ მომხდარის აღქმას ვერ ვახერხებ. ადრენალინით და აღტაცებით სავსე ვარ, აღფრთოვანებული ვარ. ვგრძნობდი, რომ ფეხები კარგად მუშაობდა. საასპარეზოდ კარგი გეგმით გავედი. ამიტომ, თავდაჯერებული ვიყავი“, - ყვება ევანსი.

მამაკაცთა შორის გამოთიშვის რბოლაში, იტალიელმა ელია ვივიანიმ ახალზელანდიელ კორბინ სტრონგს აჯობა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. ბრინჯაოს მედალს კი ეთან ვერნონი დაეუფლა.

მამაკაცთა შორის სპრინტში, გამარჯვება ჰოლანდიელმა ჰარი ლავრეისენმა მოიპოვა, ვისთვისაც ეს ამ ჩემპიონატზე მეორე ოქროს მედალია. კვარცხლბეკზე მეორე და მესამე ადგილები ავსტრალიელებმა, მეტიუ რიჩარდსონმა და მეტიუ გლიტცერმა დაიკავეს.

ქალთა შორის კეირინში, გერმანელმა ლეა სოფია ფრიდრიხმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული წარმატებით დაიცვა. ვერცხლის მედალი იაპონელმა მინა სატომ მოიპოვა, ბრინჯაოს კი ჰოლანდიელი სტეფი ვან დერ პეეტი დაეუფლა.

მამაკაცთა შორის მედისონში, გამარჯვება საფრანგეთს ერგო, მეორე და მესამე ადგილები შესაბამისად, ბრიტანეთმა და ბელგიამ დაიკავეს.

0.107939