„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ „სევილიასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა.
როგორც იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, ქართველმა მეკარემ მას „ელჩესთან“ მატჩის შემდეგ ბოდიში მოუხადა, მაგრამ ბოდიში საჭირო არ იყო, რადგან სხვა მატჩებში გიორგიმ გუნდი ბევრჯერ გადაარჩინა.
„ელჩესთან“ მატჩის შემდეგ მამარდაშვილი ჩემთან მოვიდა და ბოდიში მომიხადა, რაზეც გავუბრაზდი. ბოდიშის მოხდა საჭირო არ იყო იმიტომ, რომ არაფერი მომხდარა, სხვა შეხვედრებში ბევრჯერ გადაგვარჩინა. არაფერია, ფეხბურთში მსგავსი რამ ხდება, მითუმეტეს 20, 21, 22 წლის ასაკში, უბრალოდ უნდა გააგრძელოს მუშაობა, რადგან ჩემგან და მთელი გუნდისგან უდიდესი ნდობა აქვს. მატჩის შემდეგ ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ეს სიტყვა ჩემთან აღარ გამოიყენოს“, - თქვა გატუზომ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის 9 მატჩში 10 გოლი გაუშვა და კარის მშრალად შენახვა ორჯერ მოახერხა. „სევილიასა“ და „ვალენსიას“ მატჩი 18 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.