კალათბურთი

13:57 | 17.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირზე ნახევარფინალები დაკომპლექტდა. ბოლო სათამაშო დღემდე 2 ნახევარფინალისტი იყო ცნობილი, რომლებმაც თავიანთ ჯგუფებში პირველობა გაინაღდეს – ქუთაისი და თსუ. რუსთავში გამართულ ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩებში ერთი ჯგუფის გამარჯვებული და ის გუნდი უნდა გამოვლენილიყო, რომელიც საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსით ნახევარფინალს შეავსებდა. ასეც მოხდა და პლეი ოფის საგზურები კავკასიამ და რუსთავმა მოიპოვეს.

ქებას იმსახურებს სუპერლიგის დებიუტანტი კავკასია, რომელიც გასულ სეზონში “ა” ლიგაში თამაშობდა და რარიგ სუპერლიგისსაგზური მოიპოვა, შემადგენლობა ადეკვატურად გააძლიერა.ბექა წივწივაძემ ეროვნული ნაკრების მეფარე, ილია ლონდარიძე დაიმატა, 3 რიგიან ლეგიონერსაც უხმო და კავკასია ისეთი გუნდის იერზე მოიყვანა, საქართველოში არავის რომ არ ჩამოუვარდება. კავკასიელებმა ახალი სეზონის პირველივე ტურნირში გამოაჩინეს საკუთარი ძალა – წივწივაძის გუნდმა დადიანის მემორიალზე ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

კავკასიასთან შეხვედრამდე დაუმარცხებელი იყო ოლიმპიც. დავით როგავას გუნდმა წინა სეზონის სუპერლიგის ფინალი ითამაშა და შემადგენლობა მას შემდეგ კიდევ უფრო გაიძლიერა. გუნდი, რომელიც 11 წელია, სუპერლიგაშია და უმეტესად საუკეთესოთა შორის ტრიალებს, სუპერლიგის დებიუტანტს ხვდებოდა და რუსთავის დარბაზში მოსულ მაყურებელმა თვალსასეირო თამაშიც იხილა.

შეხვედრის მონაწილეებს ბრძოლა და თავდადება არ აკლდათ. ორივე გუნდის წევრები ყველაფერს დებდნენ მიზნის მისაღწევად. განსაკუთრებით ილია ლონდარიძე, რომელიც წინა სეზონში სწორედ ოლიმპში თამაშობდა და მისი დიდი დამსახურებაა, ეს გუნდი სუპერლიგის ფინალში რომ გავიდა. თანაბრად მიმდინარე შეხვედრის დასკვნით წუთებში კავკასიელებმა ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს, თამაშის დასრულებამდე 1 წუთით ადრე მეტოქეს 8 ქულით გაექცნენ და გამარჯვება გაინაღდეს. ილია ლონდარიძესთან ერთად გამორჩეულად ითამაშა ახალგაზრდა ლევან გოგიჩაიშვილმა და კავკასიის ლეგიონერებმა – ჯასტინ ფორესტმა და კრის მაკნილმა. კავკასიამ საბოლოოდ 94:85 (სტატისტიკა)იმარჯვა და ოლიმპს ნახევარფინალში ჯგუფის მეორე ადგილიდან გასვლის იმედიც გადაეწურა.

ნახევარფინალში გასვლის შანსი ჰქონდა ცხუმ-აფხაზეთს, რომელმაც ლოკაცია და დასახელება შეიცვალა და სუპერლიგის დაწყებიდან გურჯაანის დელტას სახელით გამოვა. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა გუნდმა ბათუმს 74:70 (სტატისტიკა) სძლია და ჯგუფური ეტაპი დაასრულა. ბოლო ადგილზე გასულ კაკტუსთან თამაშის ჩამოკლებით ჯგუფში მეორეზე გასულ გურჯაანელებს თითო მოგებ-წაგება და ბურთების +3 შეფარდება დაუგროვდათ.

ამ შედეგის გადაფარვის შანსი მხოლოდ რუსთავს დარჩა, რომელიც მეგას ხვდებოდა და 6 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და საკუთარ კედლებში, გულშემატკივართა მხურვალე მხარდაჭერის ფონზე მეგას 92:68 (სტატისტიკა) მოუგო. რუსთავში გამართული კიდევ ერთი შეხვედრა მოტივაციისგან დაცლილი იყო. თსუ კაკტუსს შეხვდა და ნებისმიერი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში უნივერსიტეტელები A ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებდნენ, კაკტუსი კი – ბოლოს. შეხვედრა ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა კაკტუსელებმა 76:62 (სტატისტია)მოიგეს.

ასე და ამგვარად, პლეი ოფში ჯგუფების გამარჯვებულები – თსუ, კავკასია, ქუთაისი და საუკეთესო მეორეადგილოსანი – რუსთავი გავიდნენ. ნახევარფინალები 18 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიური სასახლის A დარბაზში გაიმართება: ქუთაისი – თსუ 15:30, კავკასია – რუსთავი 18:00.

GBF.GE

0.112443