ფეხბურთი

20:31 | 15.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

კავანის დუბლი "ვალენსიას" არ ეყო, მამარდაშვილმა კარი მშრალად ვერ შეინახა

ესპანეთის ლა ლიგის მეცხრე ტურში „ვალენსიამ“ ბოლოადგილოსან „ელჩეს“ უმასპინძლა და ვერ დაამარცხა - 2:2.

26-ე წუთზე გიორგი მამარდაშვილი შეცდა, რომელიც კარიდან გამოვიდა და ბურთზე თამაშს ცდილობდა, მაგრამ თავში ხელი პედრო ბიგასს ჩაარტყა, რის შედეგადაც ყვითელი ბარათი მიიღო და პენალტი დაინიშნა. ქართველი მეკარე ახლოს იყო შეცდომის გამოსწორებასთან და ძალიან ცოტა დააკლდა პერე მილას პენალტი აეღო, მაგრამ ვერ შეძლო. აღსანიშნავია, რომ დაშავებულმა ბიგასმა თამაში ვერ გააგრძელა.

ჯენარო გატუზოს გუნდმა პირველივე ტაიმში გამოასწორა ვითარება - დუბლი შეასრულა ედინსონ კავანიმ, რომელმაც ჯერ პენალტი გაიტანა, მერე თავით დალაშქრა მეტოქის კარი. ურუგვაელმა „ლოს ჩეში“ პირველი გოლები მიითვალა. თუმცა, „ღამურებმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, 65-ე წუთზე მილამ თავით გაუტანა მამარდაშვილს და კავანის დუბლს დუბლითვე უპასუხა. ქართველს ამ გოლში ბრალი არ მიუძღვის. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. გიორგი მამარდაშვილმა ამ შეხვედრაში 4 მოგერიება მიითვალა.

„ვალენსიას“ 4 ტურია არ წაუგია, მაგრამ აუტსაიდერთან შინ დაკარგული ორი ქულა ცხადია წარუმატებლობაა. „ვალენსიას“ 9 თამაშში 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 18 ოქტომბერს, სტუმრად „სევილიას“ დაუპირისპირდა.

0.127641