ფეხბურთი

17:20 | 15.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალის" მნიშვნელოვანი მოგება, "ლოკომოტივი" ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდა

საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტური ორი მატჩით დაიწყო, რომლებშიც მასპინძლებმა. „სამგურალმა“ და „გაგრამ“ მიაღწიეს წარმატებას.

წყალტუბოს „სამგურალმა“ საკუთარ მოედანზე „თელავს“ უმასპინძლა და ირაკლი რუხაძის დუბლით 2:0 აჯობა. იმერელთა შემტევმა ორივე გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში გაიტანა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა. „სამგურალს“ 48 ქულა აქვს და ამ დროისთვის მესამე ადგილზე აღზევდა, მომდევნო ტურში კი „სიონს“ შეხვდება. „თელავი“ 31 ქულით მეშვიდეა და წინ „გაგრასთან“ ძალიან პრინციპული თამაში ელოდება.

„გაგრამ“ თავის მხრივ პირველი ტაიმის ბოლოს ვასილ ხოსიტაშვილისა და გიორგი ქობულაძის გოლებით შინ „ლოკომოტივი“ 2:0 დაამარცხა და მოუგებელი სერია შეწყვიტა. „გაგრას“ 29 ქულა აქვს და მეცხრე პოზიციაზეა, მაგრამ მომდევნო ტურში „თელავს“ თუ დაამარცხებს, პლეი-აუტის ზონას დატოვებს.

„ლოკომოტივი“ კი ეროვნულ ლიგა 2-ში ოფიციალურად დაქვეითდა. თბილისურ კლუბს მხოლოდ 7 ქულა აქვს და წინ მყოფ „გაგრას“ უკვე 22 ქულით ჩამორჩება, სეზონის დასრულებამდე კი მხოლოდ 6 ტურია დარჩენილი და ყველა მატჩი რომც მოიგოს, ბოლო ადგილს თავს ვერ დააღწევს.

აქვე ვთქვათ, რომ ორივე მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო მარიტა მეფარიშვილის ხსოვსნის პატივსაცემად, ირაკლი რუხაძემ კი გატანილი გოლი მას მიუძღვნა...

„სამგურალი“ – „თელავი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 რუხაძე (47, პენ), 2:0 რუხაძე (57)

„გაგრა“ – „ლოკომოტივი“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ხოსიტაშვილი (45, პენ), 2:0 ქობულაძე (45)

0.12039