„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, „რეინჯერსთან“ მოგებამ (7:1) გუნდში განწყობა აამაღლა, მაგრამ „სიტი“ სხვა დონის გუნდია და შესაბამისად განსხვავებულად ემზადებიან.
„არ ვიცი, დაგვეხმარება თუ არა „რეინჯერსთან“ გამარჯვება, ვიცი, ყველა ამაზე რატომაც ლაპარაკობს. რა თქმა უნდა, ამ მოგებამ განწყობა აგვიმაღლა, რაც მატჩის შემდეგაც ვთქვი. თუმცა, „მანჩესტერ სიტისთან“ თამაშის წინ ამ გამარჯვებას საერთო არაფერი აქვს. „სიტისთან“ შეხვედრა დიდი გამოწვევაა და ყოველთვის ასე იქნება.
„რეინჯერსთან“ თამაშში ბევრი დადებითი მხარე იყო, მაგრამ შოტლანდიელთა დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვიცით, რომ დიდი უფსკრულია „რეინჯერსსა“ და „სიტის“ შორის, ამიტომ, ამ მატჩისთვის სხვანაირად უნდა მოვემზადოთ. ცხადია, უნდა გამოვიყენოთ ის დადებითი განცდა, რაც გვაქვს, მაგრამ ეს თავისით არაფერს მოგვცემს. უნდა გვახსოვდეს, რომ შეგვიძლია „სიტის“ პრობლემები შევუქმნათ და ვნახოთ, რის გაკეთებას შევძლებთ“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩი 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:30 საათზე გაიმართება.