ფეხბურთი

22:08 | 14.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "ტოტის თერთმეტმეტრიანი გამახსენდა, პენალტები კვარაცხელიამ უნდა შეასრულოს"

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ესპოზიტომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ლორენცო ინსინიეზე კარგი მოთამაშეა. როგორც მან აღნიშნა, „ნაპოლის“ პენალტისტი ქართველი უნდა იყოს და აურელიო დე ლაურენტისს „აძურიში“ მისი შენარჩუნება დიდხანს შეუძლია.

„დიახ, კვარაცხელია ინსინიეზე უკეთესია, ტექნიკური თვალსაზრისითაც, არაპროგნოზირებადობითაც და გოლების კუთხითაც, ის უფრო მეტ გოლს გაიტანს და 10 წლით უმცროსია. გარდა ამისა, მე დიდი ხანია ვამბობ, რომ ის პენალტების კარგი შემსრულებელია და „ნაპოლის“ მწვრთნელი რომ ვიყო, მთავარი პენალტისტი ის იქნებოდა. „აიაქსთან“ თერთმეტმეტრიანმა გამახსენა ფრანჩესკო ტოტის გადამწყვეტი პენალტი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე ავსტრალიის ნაკრებთან - სიზუსტით, ტექნიკით და სიძლიერით.

კასანომ თქვა, რომ „ნაპოლის“ მალე დატოვებს? კასანო სისულელეების ლაპარაკს აგრძელებს. შესაძლოა მან არ იცის, რომ „ნაპოლი“ ძალიან მდიდარი კლუბია, რომელსაც ბანკის ვალები არ აქვს, განსხვავებით იტალიის ჩრდილოეთის კლუბებისგან, რომელთაც საშინელი ვალები აქვთ. „ნაპოლი“ დიდი და საერთაშორისო კლუბია, რომელსაც არაფერში სჭირდება ფეხბურთელების გაყიდვა. კასანოს გავახსენოთ, რომ „ნაპოლიმ“ 8 წელი შეინარჩუნა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც მერტენსი, კულიბალი და ინსინიე არიან, ასე რომ, აურელიო დე ლაურენტისი თუ მოინდომებს, კვარაცხელია შეიძლება მთელი თავისი კარიერა „ნაპოლიში“ დარჩეს“, - თქვა ესპოზიტომ.

0.111413