ფეხბურთი

20:50 | 12.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

არჩილ ბერიძე: "ფული არასოდეს ყოფილა ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის, მთავარი ერთიანობაა"

„დინამო ბათუმის“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ კლუბის სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მიმდინარე სეზონში დარჩენილ სამ საშინაო შეხვედრაში ბილეთები სიმბოლურ ფასად - 50 თეთრად გაიყიდება.

„მსურს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით განმარტება გავაკეთო და ჩემი შეხედულება გავუზიარო დინამო ბათუმის ერთგულ გულშემატკივარს.

პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების ვინც ბოლო პერიოდში ჩვენი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია. გთხოვთ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მეც იგივენაირად და რიგ შემთხვევებში უფრო მძაფრადაც განვიცდი თითოეულ წარუმატებლობას.

აქვე სიამაყით მინდა აღვნიშნო ერთი გარემოება, ჩემი და ჩემი პარტნიორების კლუბის სათავეში მოსვლის შემდეგ დინამო ბათუმის განვითარების ვექტორი საფუძვლიანად შეიცვალა და შესაბამისად იცვლება მოთხოვნებიც, ახლა დინამო ბათუმისგან მხოლოდ გამარჯვებებს და ტიტულებს ელიან, პირადად ჩემთვის სწორედ ეს არის მთავარი მონაპოვარი და მომავალი პროგრესის საწინდარი. არაერთხელ მითქვამს და ყოველთვის და ყველგან ხაზგასმით აღვნიშნავ თუ რაოდენ დიდი წვლილი აქვს ჩვენს ზრდასა და განვითარებაში გულშემატკივარს, ამ ერთობის გარეშე რაიმე ტიპის წარმატებაზე ფიქრიც კი შეუძლებელი იქნებოდა.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე დინამო ბათუმის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით მომდევნო ოთხ საშინაო შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები, სიმბოლურ ფასად, 50 თეთრად გაიყიდება. ეს გადაწყვეტილება იმათაც არის განპირობებული, რომ ფული არასოდეს ყოფილა ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის, მთავარი ჩვენი ერთიანობაა.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ჟესტი დადებით ეფექტს მოახდენს გულშემატკივარზე, რაც დარჩენილ მატჩებში სავსე ტრიბუნებს, საოცარ ქომაგობას და დინამო ბათუმის გამარჯვებებს მოგვიტანს“, - ციტირებს „დინამო ბათუმის“ ფეისბუქგვერდი ბერიძის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ „დინამო ბათუმმა“ ეროვნულ ლიგაში 9-ქულიანი უპირატესობა გაანიავა და „დინამო თბილისს“ ამჟამად 2 ქულით ჩამორჩება.

0.117189