უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატის ინდივიდუალური შეჯიბრის ბოლო დღეს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გურამ თუშიშვილმა.
ქართველმა ძიუდოისტმა (+100 კგ) ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც იპონით იოლად დაამარცხა სლოვენიელი ვიტო დრაგიჩი, ხოლო შემდეგ გერმანელ იოჰანეს ფრაისთან უმძიმესი ბრძოლა გადახდა, სადაც შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე ვაზარით მარცხდებოდა, მაგრამ ბოლოს მოახერხა ვაზარით გათანაბრება, მერე კი მეტოქე შებოჭვაზე დაიჭირა და მოიგო.
თუმცა, მეოთხედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა კუბელ ენდი გრანადასთან მოულოდნელად და ძალიან სწრაფად იპონით წააგო და ოქროს შანსი დაკარგა, მაგრამ მედლისთვის ბრძოლა გააგრძელა, რადგან რეპეშაჟში უზბეკი ალიშერ იუსუპოვი იპონით დაამარცხა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის გავიდა ტატამიზე, სადც ტაჯიკ ტემურ რახიმოვს ვაზარით აჯობა.
მოგეხსენებათ, თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალს 2018 წელს დაეუფლა, გარდა ამისა, შარშან ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და ორგზის ევროპის ჩემპიონია.
დღესვე ქალთა შორის +78 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა სოფიო სომხიშვილმა, რომელიც პირველივე წრეში კუბელ იდალის ორტიზთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატი ინდივიდუალურ პირველობობაში ოთხი მედლით დაასრულა - ტატო გრიგალაშვილმა ოქრო, ლაშა ბექაურმა, ლუკა მაისურაძემ და გურამ თუშიშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ასპარეზობა უმედლოდ დაასრულეს ლუხუმ ჩხვემიანმა, ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, ილია სულამანიძემ, ეთერ ლიპარტელიანმა და სოფიო სომხიშვილმა. 13 ოქტომბერს, მსოფლიოს ჩემპიონატი გუნდურ შეჯიბრში გაიმართება და საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იქნება.