ძიუდო

13:05 | 12.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გურამ თუშიშვილს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის და ერთი მოგება აშორებს.

თუშიშვილმა (+100 კგ) ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც იპონით იოლად დაამარცხა სლოვენიელი ვიტო დრაგიჩი, ხოლო შემდეგ გერმანელ იოჰანეს ფრაისთან უმძიმესი ბრძოლა გადახდა, სადაც შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე ვაზარით მარცხდებოდა, მაგრამ ბოლოს მოახერხა ვაზარით გათანაბრება, მერე კი შებოჭვაზე დაიჭირა და მოიგო. თუმცა, მეოთხედფინალში ქართველი ძიუდოისტი კუბელ ენდი გრანადასთან მოულოდნელად და ძალიან სწრაფად იპონით წააგო და ოქროს შანსი დაკარგა, მაგრამ მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს, რადგან რეპეშაჟში უზბეკი ალიშერ იუსუპოვი იპონით დაამარცხა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის გავა ტატამიზე. მოგეხსენებათ, თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალს 2018 წელს დაეუფლა, გარდა ამისა, შარშან ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და ორგზის ევროპის ჩემპიონია.

დღესვე ქალთა შორის +78 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა სოფიო სომხიშვილმა, რომელიც პირველივე წრეში კუბელ იდალის ორტიზთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში სამი მედალია - ტატო გრიგალაშვილმა ოქრო, ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. 13 ოქტომბერს, მსოფლიოს ჩემპიონატი გუნდურ შეჯიბრში გაიმართება და საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იქნება.

0.11504