ფეხბურთი

1:24 | 12.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" და "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდნენ

ჩემპიონთა ლიგას პირველი ორი მერვედფინალისტი ჰყავს - „მანჩესტერ სიტი“ და მადრიდის „რეალი“.

„სიტიმ“ დღის ადრიან თამაშში „კოპენჰაგენს“ ვერ მოუგო (0:0), მაგრამ ამავე ჯგუფში მეორე მატჩი მისთვის ხელსაყრელი შედეგით დასრულდა, რომელშიც „დორტმუნდმა“ და „სევილიამ“ ქულები გაიყვეს - 1:1. შედეგად, „სიტის“ 10 ქულა აქვს და უკვე მერვედფინალშია, რადგან მესამე პოზიციას 8 ქულით უსწრებს. პლეი-ოფამდე ბევრი არაფერი აკლია „დორტმუნდს“, რომელსაც 7 ქულა აქვს და 5-5 ქულით უსწრებს „სევილიასა“ და „კოპენჰაგენს“.

F ჯგუფიდან მადრიდის „რეალიც“ გავიდა, რომელიც დონეცკის „შახტართან“ მარცხს მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე ანტონიო რიუდიგერმა თავგანწირვით იხსნა და სწორედ ამ გოლით კარლო ანჩელოტის გუნდმა ჯგუფიდან გასვლაც გაინაღდა. „რეალს“ 10 ქულა აქვს, 4 ქულით უსწრებს „ლაიფციგს“ და 5-ით „შახტარს“, რომლებიც ბოლო ტურში ერთმანეთს ხვდებიან, ქულებს რომელიმე აუცილებლად დაკარგავს და შესაბამისად, „რეალი“ უკვე გასულია, ხოლო მეორე ადგილისთვის სწორედ გერმანელები და უკრაინელები იბრძოლებენ. „სელტიკი“ ერთადერთი ქულით აუტსაიდერია.

ლონდონის „ჩელსიმ“ მძიმე სტარტის შემდეგ „მილანი“ ზედიზედ ორჯერ დაამარცხა. ამჯერად, გრემ პოტერის გუნდმა „სან სიროზე“ ჟორჟინიოსა და პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლებით მოიგო, 7 ქულა დააგროვა და ჯგუფში ლიდერია. პარალელურად, ზაგრების „დინამო“ და „ზალცბურგი“ დაზავდნენ. შედეგად, ავსტრიის ჩემპიონი 6 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო ბოლო ორი საფეხურს 4-4 ქულით „მილანი“ და „დინამო“ იყოფენ. წესით, ყველაფერი იტალიის ჩემპიონის ხელთაა და მეორე ადგილისთვის „როსონერი“ უნდა მოვიაზროთ აშკარა ფავორიტად.

და ბოლოდ H ჯგუფი, სადაც „იუვენტუსის“ ფიასკოზე უკვე დავწერეთ, ხოლო პსჟ-მ „ბენფიკას“ ვერც მეორე მატჩი მოუგო და როგორც ლისაბონში, პარიზშიც ისევ ფრეს (1:1) დასჯერდა. კილიან მბაპემ და ჟოაო მარიომ პენალტები გაცვალეს. შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე გუნდი პრაქტიკულად პლეი-ოფშია, რადგან 8-8 ქულა აქვთ და 5-5 ქულით უსწრებენ აუტსაიდერებს, „იუვენტუსსა“ და „მაკაბის“.

„მილანი“ – „ჩელსი“ 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 ჟორჟინიო (18, პენ), 0:2 ობამეიანგი (34)

„დინამო ზაგრები“ – „ზალცბურგი“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 სეივალდი (12), 1:1 ლიუბიჩიჩი (40)

„სელტიკი“ – „ლაიფციგი“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ვერნერი (75), 0:2 ფორსბერგი (84)

„შახტარი“ – „რეალი“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ზუბკოვი (46), 1:1 რიუდიგერი (90)

„დორტმუნდი“ – „სევილია“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ნიანზუ (18), 1:1 ბელინგემი (35)

„პარი სენ ჟერმენი“ – „ბენფიკა“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 მბაპე (40, პენ), 1:1 ჟოაო მარიო (62, პენ)

0.114831