რაფაელ ნადალი მამა გახდა. ესპანურ გამოცემა „მარკას“ ინფორმაციით, ჩოგბურთის ვარსკვლავს და მის მეუღლე მერი პერელოს პირველი შვილი მაიორკაში შეეძინათ. გამოცემა წერს, რომ პირველი შვილი ბიჭია და მას მამის სახელს დაარქმევენ.
წყვილი ახლახანს ესპანური მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. მაშინ წერდნენ, რომ რაფას მეუღლე პალმას ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამ დროს, ის ფეხმძიმობის 31-ე კვირაში იმყოფებოდა.
ნადალმა, ვისაც ამჟამად რეიტინგში მე-2 საფეხური უკავია, ერთი თვის წინ განაცხადა, რომ რთული რამდენიმე თვე გაატარა, ახლა კი შვილს ელოდება. მაშინ მან აშშ-ის ღია პირველობის მეოთხე წრეში, ამერიკელ ფრენსის ტიაფოსთან წააგო.
„რამდენიმე თვე, ყველა მიმართულებით რთული მქონდა. ახლა კი ისევ პროფესიონალურად მივუდგები საქმეს. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ამბები მელის. შვილს ველოდები. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის“, - ნიუ იორკში წაგების შემდეგ განაცხადა ნადალმა.
ნადალის და პერელოს ურთიერთობა ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო. მათ 14 წელი ერთად იცხოვრეს და 2019 წელს იქორწინეს. რაფამ თავის შეყვარებულს ხელი რომში, არდადეგების დროს სთხოვა.