‘ბათუმმა’ ‘აიას’ ქუთაისში 5 უპასუხო ლელო გაუტანა და ბონუსით, 29:0 დაამარცხა. ზღვისპირელებისთვის ეს მიმდინარე სეზონში მესამე მოგებაა და 14 ქულით მე-5 ადგილზე აღზევდა. ‘აიას’ 12 ქულა დარჩა და მე-7 პოზიციაზეა.
„აია არენაზე“ თამაში მასპინძელთა შეტევებით დაიწყო, მაგრამ სტუმრებმა კარგად დაიცვეს თავი, მერე მეტოქე წნეხში მოაქციეს, ფეხით თამაშისას შეცდომა დააშვებინეს და ხელდახელ კონტრშეტევა ნიკა ნინიძის ლელოთი დასრულდა. 30-ე წუთზე კობა ბუჯიაშვილმა სწრაფად გაითამაშა ჯარიმა და სანამ მცველები გონს მოვიდოდნენ ბექა ურჯუკაშვილი ლელოში შეუშვა. რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახა. მალე სტუმრები მიხეილ წიკლაურის სინბინის გამო კაცნაკლულები დარჩნენ, მაგრამ ‘აიამ’ რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლა – 0:12.
მეორე ტაიმში ‘ბათუმი’ ზურგქარში თამაშობდა და შეტევების დასალაგებლად გარკვეული დრო დაჭირდა. შემდეგ ‘აიამ’ ერთი წუთის ინტერვალით სინბინით ორი მოთამაშე დაკარგა – საბა ერემეიშვილი და გიორგი სინაურიძე, ამით სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს. 59-ე წუთზე მათ მოლის შემდეგ ხაზზე გაიტანეს ბურთი და ზურა ძნელაძემ ლელო გაიტანა.
RUGBY.GE