ძიუდო

14:53 | 8.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ისევ უმედლო დღე მსოფლიოს ჩემპიონატზე: ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი დამარცხდნენ

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებლად გრძელდება და ამჯერად, მედლის გარეშე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დარჩნენ.

შავდათუაშვილი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მერე კი შიდოებით შვეიცარიელი ნილს სტუმპი და იტალიელი ჯოვანი ესპოზიტო დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი იაპონელ სოიჩი ნაშიმოტოსთან დამარცხდა და ოქროს მედლისთვის ვეღარ იბრძოლა. ლაშამ ვერც ბრინჯაოსთვის ბრძოლა შეძლო, რადგან რეპეშაჟში ბრაზილიელ დანიელ კარგნინთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

ზუსტად იგივე შედეგი აჩვენა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), რომელმაც ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და სერბი მარიცა პერიშიჩი დაამარცხა, მერე იტალიელ ვერონიკა ტონიოლოსაც აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში იაპონელ ჰარუკა ფუნაკუბოსთან ნევაზაში წააგო. რეპეშაჟშიც ლიპარტელიანმა ვერაფერი გააწყო და ისევ შებოჭვით დათმო შეხვედრა, ამჯერად კანადელ ჯესიკა კლიმკაიტთან და უმედლოდ დარჩა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მესამე დღეა მიმდინარეობს და საქართველოს ნაკრებს ჯერ მედალი არ მოუპოვებია. შავდათუაშვილამდე უმედლოდ ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) დარჩნენ. 9 ოქტომბერს, ტატამიზე საქართველოს სახელით ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გავა.

0.122291