ავტოსპორტი

1:13 | 8.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

საინსი - „ფერარის“ დარჩენილ რბოლებში ერთი მოგებაც აწყობს

„ფერარიმ“ მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო - პირველი სამი რბოლიდან, ორი შარლ ლეკლერმა მოიგო და თითქოს, მარანელოელები ტიტულისთვის ბრძოლის მარათონში დაბრუნდნენ. მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა და მომდევნო 15 რბოლაში, ლეკლერმა და მისმა თანაგუნდელმა კარლოს საინსმა მხოლოდ თითო გამარჯვების მოპოვება შეძლეს.

მიზეზი არამხოლოდ მაქს ფერსტაპენის და „რედ ბულის“ ძლევამოსილი ტანდემია, არამედ ისიც, რომ იტალიური გუნდი (მის პილოტებთან ერთად) ბევრ შეცდომას უშვებს. და არც მისი ტექნიკა გამოირჩევა გამძლეობით. ამის მიუხედავად, ლეკლერი ჩემპიონობის თეორიულ შანსს მაინც ინარჩუნებს. გუნდურ ჩემპიონატში კი მარანელოელებს მეორე ადგილისთვის „მერსედესთან“ მოუწევს ბრძოლა.

საინსი ამბობს, რომ „ფერარიმ“ ძალიან უნდა მოინდომოს, რომ თუნდაც ერთი რბოლის მოგება შეძლოს.

„ჩვენი მიზანი ისევ რბოლების მოგებაა. ამასთან, მომავალი სეზონისთვისაც უნდა მოვემზადოთ. ამ სეზონში რომელიმე ტიტულის მოგება უკვე არარეალურია. ჩვენ ყურადღებას, რბოლების მოგებაზე გავამახვილებთ. ვფიქრობ, ერთიც რომ მოვიგოთ, ეს ბევრ პოზიტიურ ემოციას შეგვძენს, რაც მომავალი სეზონისთვის მზადებისას გამოგვადგება“, - ამბობს საინსი.

იაპონიის დიდ პრიზთან დაკავშირებით, ამბობს, რომ მონცასა და სინგაპურში გამოჩნდა, რომ „ფერარის“ „რედ ბულთან“ პაექრობა შეუძლია. „სუზუკაზე ჩვენ უფრო მეტიც შეგვიძლია. აქ გრძელი სწორი მონაკვეთები, ასევე საშუალო და სწრაფი მოსახვევებია. ეს ყველაფერი ჩვენს მანქანას მიესადაგება. ჩვენ ყველგან სწრაფები ვართ, მაგრამ მთავარია, „რედ ბულთან“ შედარებით რამდენად სწრაფები“, - დასძენს საინსი.

0.139471