ფეხბურთი

23:16 | 7.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" "დინამო ბათუმი" დაამარცხა და გალიდერდა

საქართველოს ეროვნულ ლიგას 29-ე ტურის შემდეგ ლიდერი შეეცვალა - „დინამო თბილისმა“ „დინამო ბათუმი“ დაამარცხა.

ბოლო დროს მოქმედმა ჩემპიონმა ბევრი ქულა დაკარგა და უშუალო კონკურენტთან შეხვედრას ერთადერთქულიანი უპირატესობით შეხვდა, რომლის შენარჩუნებაც ვერ შეძლო.

თამაში დაძაბული გამოდგა და საგოლე მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, რომელთაგან მხოლოდ ერთი, მასპინძლებმა გამოიყენეს. 68-ე წუთზე ნიკოლოზ მალის ფლანგურ გადაცემას თავით დავით სხირტლაძე გამოეხმაურა და როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში ზღვისპირელებმა ანგარიში ვერ გაათანაბრეს და მიმდინარე სეზონში „დინამო თბილისთან“ პირველად წააგეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში.

ეს შეხვედრა ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულიც გამოდგა, რადგან საქართველოს ჩემპიონატში პირველად VAR-ი გამოიყენეს. 79-ე წუთზე სწორედ ვიდეორეფერის დახმარებით, მასპინძელთა შემტევი ოსეი ბარნსი გააძევეს. მოგეხსენებათ, აქამდე, ეროვნულ ლიგაში VAR-ი არ იყო, ამიერიდან კი წესით, ეტაპობრივად უნდა დამკვიდრდეს.

„დინამო თბილისმა“ კი 63 ქულა დააგროვა და ორი ქულით გადაასწრო „დინამო ბათუმს“. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი, რომელიც დიდებულ ფორმაშია, მომდევნო შეხვედრას ბოლნისის „სიონთან“ გამართავს, ხოლო ბათუმელები გორის „დილას“ შეხვდებიან.

„დინამო თბილისი“ – „დინამო ბათუმი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 სხირტლაძე (68)

0.115779