„ნაპოლისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა სალვატორე ბანიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ პირველად მისი თამაში რომ ნახა, ხვიჩა 16 წლის იყო. ბანიმ კვარაცხელიას დღევანდელი „ნაპოლის“ მარადონა უწოდა.
აღსანიშნავია, რომ სალვატორე ბანი და დიეგო მარადონა „ნაპოლიში“ თანაგუნდელები იყვნენ.
„მისი თამაში პირველად ვნახე, როცა 17-წლამდე ნაკრებში თამაშობდა და სულ რაღაც 16 წლის იყო. ძლიერი და ხარისხიანი ბიჭია. შესაძლოა, ხანდახან დრიბლინგებით აზვიადებს, მაგრამ ეს მისი ძლიერი მხარეა. ძალიან ცოტა ფეხბურთელია, რომლებიც მისნაირად ატყუებენ მეტოქეებს და როგორც, მარჯვენა, ისე მარცხენა ფეხით ურტყამენ. ის ამ ნაპოლის მარადონაა“, - თქვა ბანიმ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 11 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა, 3 საგოლე პასი მიითვალა და ორჯერაც პენალტი გამოიმუშავა. „ნაპოლი“ უახლოეს მატჩს 9 ოქტომბერს, „კრემონეზესთან“ გამართავს.