33 წელი შესრულდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაარსებიდან. სწორედ 1989 წლის 6 ოქტომბერს შეიქმნა სეოკ-ი. ამ თარიღის აღსანიშნავად ქუთაისის მერიის, ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ორგანიზებით სულხან საბას დასახლებაში არსებულ რეკრეაციულ სკვერში მოეწყო და მოიხატა ოლიმპიური სპორტის კედელი. ოლიმპიური ჩემპიონების პორტრეტებთან ერთად, კედელზე წარმოდგენილია ოლიმპიური სიმბოლიკები და სპორტული პიქტოგრამები. მოეწყო ნუმიზმატური გამოფენა. სკვერის მიმდებარედ ახლად რეაბილიტირებულ მინი-სტადიონზე ფეხბურთსა და კალათბურთში ამხანაგური შეჯიბრებები გაიმართა. ასევე, საჩვენებელი გამოსვლები მოეწყო უშუსა და თავისუფალ ჭიდაობაში. ოლიმპიურ თემაზე დაიდგა პერფორმანსი, რომელშიც 38- საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მე-8 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი და სხვა არაერთი სახელოვანი სპორტსმენი თუ მწვრთნელი დაესწრო, მათ შორის - ოლიმპიური ჩემპიონები: კახი კახიაშვილი, გიორგი ასანიძე, ირაკლი ცირეკიძე და ლაშა ტალახაძე.
სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ინიციატივით (ხელმძღვანელი რევაზ რობაქიძე) მოეწყო იმერეთის რეგიონის გამორჩეული სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოება.სტუმრებთან ერთად, სპორტსმენები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დააჯილდოვეს.
შალვა გურეშიძე (ძიუდო) - იმერეთის 2022 წლის საუკეთესო ოლიმპიელი.
ჯეფერსონ ჯერალდო (წყალტუბოს საფეხბურთო გუნდი ,,სამგურალი") - იმერეთის რეგიონის საუკეთესო ლეგიონერი.
გიორგი ტაბატაძე (ძიუდო) - იმერეთის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი
გერვასი თაბაგარი - ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში (ძალოსნობა) - საუკეთესო ახალგაზრდა ოლიმპიელი .
დავით აბდალაძე (თავისუფალი ჭიდაობა) - 2022 წლის საუკეთესო ევროპული დებიუტი.
კოტე ტუღუში - საკალათბურთო კლუბი ,,ქუთაისი 2010" - 2022 წლის იმერეთის რეგიონის საუკეთესო მწვრთნელი.
ალექსანდრე ბოყოჩაძე - ხელბურთის კლუბი ,,ქუთაისი" - 2022 წლის იმერეთის საუკეთესო სამწვრთნელო დებიუტი.
ოლიმპიური სპორტის კედელი მოხატა თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულმა, ქუთაისელმა ახალგაზრდა მხატვარმა დავით აბულაძემ.
სეოკ - ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ოლიმპიზმის პოპულარიზაციისათვის ამ შესანიშნავი პროექტის განხორციელებას.
GEONOC.ORG.GE